ფიფქები და სეტყვა
ოკეანეების, ზღვების და მდინარეების აორთქლების შედეგად წარმოქმნილი
წყლის ორთქლი ატმოსფეროში გადადის. თოვლი და ყინული ასევე გადნობის გარეშეც
განიცდის აორთქლებას.
დაბალ ტემპერატურაზე წყლის ორთქლი უფრო ადვილად იძლევა უშუალოდ ყინულის
პატარა კრისტალებს, ვიდრე მისი კონდენსაცია წყლის პატარა წვეთებს.
ასეთი პირობები წარმოიქმნება ატმოსფეროს მაღალ, ცივ შრეებში. წყლის
ორთქლი დედამიწის ზედაპირიდან ზევით ადის, ცივდება, აღწევს გაჯერების
გარკვეულ მომენტს და ერთბაშად ყინულად გადაიქცევა. ყინულის პირველ
კრისტალებს არატოლგვერდებიანი წაგრძელებული პრიზმების ან სწორი, ბრტყელი
ექვსკუთხედების ფორმა აქვს. ამ თავდაპირველ პატარა კრისტალებზე ხდება წყლის
ორთქლის შემდგომი დალექვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება უფრო რთული
კრისტალები.
წყლის ორთქლით ძლიერად გაჯერებულ შრეებში ყინულის თავდაპირველი პატარა
კრისტალები სწრაფად იზრდებიან, რის შედეგადაც ისინი ყინულის გამჭვირვალე
მარცვლებს წარმოქმნიან. ძირს ცვენის დროს ეს მარცვლები გაივლის გაცივებულ
წყლის წვეთებსი, რომლებიც წყლით ფარავს მათ და ზედ ეყინება. ამ გზით
წარმოქმნილი მარცვლები უკვე აღარაა გამჭვირვალე.
სხვა ბედი აქვს ყინულის მარცვლებს, რომლებიც შორს მიაქვს საჰაერო
დინებებს და დიდი ხანი იმყოფება ღრუბლებში, ამ შემთხვევაში მარცვლებზე
ილექება ღრუბლის ქვედა შრეებში არსებული გაცივებული წყალი (რომელიც
გამჭვირვალე ყინულს წარმოქმნის). მარცვლებზე ხდება თეთრი გაუმჭვირვალე
შრეების წარმოქმნა. ეს სეტყვის მარცვლებია, რომლებიც ხან ყინულის და ხან
თოვლის დამახასიათებელი შრეებისაგან შედგებიან. ყველაზე დიდი მარცვლის წონა
1 კგ.-ს აღწევდა და ჰქონდა 10 სმ.-ის დიამეტრი. ზოგჯერ მოდის ხოლმე ეგრეთ
წოდებული ყინულის წვიმა. იგი გარედან გაყინული წვიმის წვეთებია, რომლის
შიგნით წყალია მოთავსებული.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ხელოვანები ხუმრობენ 2
ერთხელ გრიგოლ ჩარკვიანი პიესა ”ლეკის ქალ გულჯავარში” ასრულებდა დემურ
ჩოღლის როლს. ამავე დროს სცენარიუსობდა კიდეც... გრიგოლი მსახიობებს
რიგ-რიგობით იძახებდა სცენაზე. დადგა დემურ ჩოღლის გასვლის დროც და
სცენარიუსმა დაიძახა:
-- აბა, დემურ ჩოღლი, მოემზადე შენი გამოსვლაა! - მაგრამ ხმა არავინ გასცა. შემდეგ ისევ ხმამაღლა დაიძახა:
-- ბიჭო, სადა ხარ, დემურ ჩოღლი, გასვლის დროა! - ხმას არავინ სცემდა.
სცენაზე მოქმედება შეწყდა. მსახიობები ელოდნენ დემურ ჩოღლის გამოსვლას.
კულისებში ჩოჩქოლი შეიქნა. ბოლოს ერთი მოვიდა გონს და შეეკითხა სცენარიუსს:
-- ბიჭო, გრიგოლ, შენ რა როლს თამაშობ?
-- ჰო, მართლა, აგერ არ ვყოფილვარ! - ტავისი ბოხი ხმით ჩაილაპარაკა
გრიგოლმა და გავარდა სცენაზე.... მაგრამ აქ მეორე უბედურება დაემართა: მას
ხელში ეჭირა ქაღალდი, სადაც რეპლიკები ეწერა და რომელიც კულისებში უნდა
დაეტოვებინა.
ვერც ერთი მსახიობი უძრავ სცენებში იმდენ გამძლეობას ვერ იჩენდა, როგორც
გრიგოლ ჩარკვიანი. განსაკუთრებით შესანიშნავი იყო ქანდაკებაში. მის
ქანდაკებას ყველა განცვიფრებაში და აღტაცებაში მოჰყავდა.
ერთხელ ქუთაისში დადგეს მონტის ცნობილი პიესა ”კაიუს გრახკი”. გრიგოლი აქ
ქანდაკებას ”ასრულებდა”. იგი უძრავად იდგა სცენაზე, ამ დროს ცხვირზე ბუზი
დააჯდა და არ ეშვებოდა. გრიგოლმა ვეღარ მოითმინა და თავი გააქნია, მაგრამ
აბა, ქანდარას რა გამოეპარებოდა?! გაისმა სიცილი... გრიგოლმა იხტიბარი არ
გაიტეხა და განაგრძო თავის პოზაში დგომა. ბუზი არ ეშვებოდა და ცხვირიდან
აფრენილი ისევ ნესტოებთან დააფრინდა. გრიგოლმა ვეღარ მოითმინა, უფრო
მძლავრად გაიქნია თავი და ხელიც შეაშველა. ბუზი კი გაფრინდა, მაგრამ
დარბაზში სიცილ-ხარხარი ატყდა. თან ისმოდა რეპლიკები: ვაშა, გრიგოლ, რეპეტე
...
მოთმინებიდან გამოსულმა გრიგოლმა მრისხანედ ასძახა ზევით:
-- რა გაცინებთ, თქვე მამაძაღლებო ?! ვერ გაჩუმდებით ?!
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
აქლემი
აქლემი ადამიანზე შვიდჯერ უფრო მძიმეა და თეორიული გამოთვლების მიხედვით,
გასაგრილებლად ადამიანზე ორჯერ უფრო მეტ წყალს უნდა ხარჯავდეს.
სინამდვილეში კი, უფრო ”ძუნწად” იმეტებს მას. სწორედ ამ ეკონომიაში იმალება
მისი წარმატების საიდუმლო - მოგზაურობის შემდეგ აქლემს ათეულობით ლიტრი
წყლის, ერთი კვირის მოწყურებულ აქლემს კი ასი ლიტრი წყლის დალევაც შეუძლია.
აქლემის ასეთი გამძლეობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იგი
პრაქტიკულად არ ოფლიანდება - მას სხეული ხშირი ბეწვით აქვს დაფარული. რაც
სხეულს გადახურებისგან იცავს, აქლემი მოგზაურობისას პრაქტიკულად პირს
თითქმის არ აღებს - ამით აორთქლება ნულამდე დაჰყავს. იგი იშვიათად
სუნთქავს, პაპანაქება სიცხეში თექვსმეტჯერ წუთში, მაშინ, როდესაც ხარი -
250-ჯერ, ძაღლი კი 350-ჯერ აღებს პირს იგივე პირობებში.
აქლემი წყალს ცხიმის სახით ინახავს სხეულში. ცნობილია , რომ ცხიმის
”ხარჯვისას” 100 გრამი ცხიმიდან 107 გრამი წყალი გამოიყოფა. საშუალო ზომის
აქლემს, აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, 5 ლიტრამდე წყლის გამოყოფა
შეუძლია.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ამერიკის ინდიელები
ამერიკა არ მიეკუთვნება დედამიწის იმ ტერიტორიათა რიცხვს, სადაც
წარმოიშვა კაცობრიობა. პირველად ადამიანები აქ მოვიდნენ 25-30 ათასი წლის
წინ. მაშინ ბერინგის სრუტის ადგილას ხმელეთი იყო, რომელიც აერთებდა აზიას
ამერიკასთან. ასეთი სახმელეთო გზით გადავიდა აზიიდან ხალხი ამერიკაში.
იქ, სადაც ტუნდრა ესაზღვრება ტყეს, იწყება ინდიელთა სამფლობელოები.
ატაპასკებს ეკავათ ჩრდილოეთის ტყეების დასავლეთი ნაწილი, ალგონკინებს კი
აღმოსავლეთი. ერთიც და მეორეც იყოფოდა მრავალრიცხოვან ტომებად. ისინი თავს
ირჩენდნენ ნადირობით, ფრინველთა რეწვით, მეთევზეობით და საკვებად ვარგისი
მცენარეების კრეფით. ჩრდილო ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე
ცხოვრობდნენ ზაიდები, ტლინკები, რომლებმაც შექმნეს მაღალეფექტური თევქჭერის
მეურნეობა.
აშშ-ს დღევანდელი ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობდნენ
იროკეზები და სხვა ტომები, რომელთა მეურნეობაში ძირითადი იყო
მიწათმოქმედება.
დღევანდელი მექსიკის, გვატემალის, ჰონდურასის და სალვადორის ტერიტორიებზე
ცხოვრობდნენ ის ინდიელები, რომლებიც საკვები მცენარეულობის მოყვანას
მისდევდნენ. ინდიელებმა თავისი სახელმწიფოები შექმნეს. ყველაზე ცნობილი იყო
მაიას ტომის და აცტეკების სახელმწიფოები. ისინი აშენებდნენ ქალაქებს,
ჰქონდათ თავისებური დამწერლობა და მიწათმოქმედების მაღალი კულტურა.
ჩრდილო ამერიკის ინდიელთა ტომების რიცხვი ძალზე შემცირდა. მათი ნაწილი
დღემდე იძულებულია რეზერვაციებში იცხოვროს, ზოგი ქალაქში გადასახლდა.
ბევრი მცენარე - კარტოფილი, სიმინდი, კაკაო - ამერიკიდან გატანილი და
მთელ მსოფლიოში იქნა გავრცელებული. ამჟამად მექსიკის და ამერიკის სხვა
ქვეყნების არქიტექტურაში იგრძნობა ინდიელთა გავლენა. ინდიელთა ხალხი
შეადგენს მექსიკის, გვატემალის, ეკვადორის, პერუს, ბოლივიის მოსახლეობის
მნიშვნელოვან ნაწილს.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
იცით თუ არა რომ ...
საქართველო ტიპიური მთიანი ქვეყანაა. ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიის 54 %
მთებია, 33% - მთისწინეთი და გორაკ-ბორცვები, მის დაბლობ ნაწილს კი მხოლოდ
13% უკავია. საქართველოს ტერიტორიის საშუალო სიმაღლე 1230 მეტრია ზღვის
დონიდან.
თანამედროვე გამყინვარება საქართველოში მხოლოდ კავკასიონის ქედზე
გვხდება. აქ თვლიან 786 მყინვარს, რომელთა საერთო ფართობი 555 კვ.კმ-ია.
თბილისის პირველი კარტოგრაფიული გამოსახულება შესრულებულია 1673 წელს
ცნობილი ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის მიერ, ხოლო მეორე 1701 წელს ჟ.
ტურნეფორის მიერ. თბილისის პირველი ტოპოგრაფიული გეგმა კი ცნობილ ქართველ
კარტოგრაფს, ვახუშტი ბაგრატიონს ეკუთვნის. მისი მასშტაბია 1:18000 .
საქართველოს ტერიტორიის საზღვრების საერთო სიგრძე 1970 კილომეტრია. მათ
შორის სახმელეთო საზღვარზე მოდის 84% (1660 კმ), ხოლო საზღვაოზე - 16% (310
კმ).
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ხელოვანები ხუმრობენ
სოფოკლემ თქვა, რომ მის მიერ დაწერილი სამი ლექსი, სამი დღის შრომის შედეგი იყო.
-- სამი დღისა?! - შეჰყვირა საშუალო ნიჭის პოეტმა, - მე ხომ ამ ხნის განმავლობაში დავწერდი ასს!
-- დიახ, - უპასუხა სოფოკლემ, - მაგრამ ისინი იარსებებდნენ მხოლოდ სამ დღეს.
გამოჩენილი ნორვეგიელი დრამატურგი იბსენი სიტყვაძუნწი იყო. ერთხელ მისმა
წიგნების გამომცემელმა მიიწვია იგი თავისთან ნადიმზე. იბსენმა უარი უთხრა:
-- რომ მოვიდე ხმას არ ამოვიღებ, სტუმრებიც ჩემს პატივსაცემად მთელი ღამე
გაჩუმებული იქნებიან. მე არ მოვალ და გაჯავრებულ სტუმრებს მიეცემათ თემა
სასიამოვნო საუბრისთვის.
ჟურნალისტმა ჰკითხა მარკ ტვენს. მართლა მუშაობს თუ არა იგი დიდ პიესაზე.
მარკ ტვენმა უპასუხა:
-- შეგიძლიათ აცნობოთ თქვენს გაზეთს, რომ ვწერ დრამას, რომელიც ოთხი
მოქმედებისა და სამი ანტრაქტისაგან შედგება და სამი ანტრაქტი უკვე
დავამთავრე.
მარკ ტვენმა უთხრა ერთ მანდილოსანს:
-- თქვენ მომხიბლავი ბრძანდებით!
-- სამწუხაროდ, არ შემიძლია მსგავსი ქათინაურით სამაგიერო გადაგიხადოთ, - უპასუხა მან.
მწერალს გაეღიმა და უთხრა:
-- თქვენც ისევე მოიქეცით, როგორც მე - იცრუეთ !
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ქუვეითის ”შავი ოქრო”
ქუვეითი - აზიის მიკრო სახელმწიფოა (S=20 ათასი კვ. კმ). მისი მოსახლეობა
შეადგენს 1,8 მლნ. კაცს. აქ ცხელი კლიმატია. წელიწადის ცალკეულ პერიოდში
ჰაერის ტემპერატურა ჩრდილში 50 გრადუსს აღწევს. ჩრდილი აქ იშვიათობაა,
რადგან უდაბნო დაფარულია მლაშობებით. ადრე მოსახლეობა თავმოყრილი იყო
ოაზისებში, საუკუნეობით ეს ტერიტორია მცირემოსახლიანი იყო, იშვიათად
გამოჩნდებოდნენ მომთაბარენი.
დღეს უდაბნო მდიდარ, თანამედროვე, საოცრებებით სავსე სახელმწიფოდ იქცა.
ნავთობის მსოფლიო მარაგის 20% და სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობის
მარაგის მესამედი კონცენტრირებულია ქუვეითის წიაღში. ნავთობი ქუვეითში 1938
წელს იქნა აღმოჩენილი, ხოლო მისი ექსპლუატაცია მხოლოდ 1946 წელს დაიწყო.
ნავთობის არსებობის შესახებ ქუვეითელმა ბედუინებმა ადრეც იცოდნენ,
მანამდე, სანამ მას აღმოაჩენდნე ინგლისელი და ამერიკელი გეოლოგები.
ბედუინებმა არაერთხელ შენიშნეს უდაბნოს ქვიშაში ყავისფერი სითხით შევსებული
მცირე ჩაღრმავებები, რომელიც უვარგისი იყო სასმელად. მას ისინი იყენებდნენ
როგორც სამკურნალო საშუალებას. შემდგომში აღმოჩნდა, რომ აქ ნავთობი უფრო
მეტია, ვიდრე სასმელი წყალი.
ნავთობი ზედაპირზე მაღალი წნევით ამოდის, ამოტომ ქუვეითური ნავთობის
მოპოვება ყველაზე იაფია მსოფლიოში. მეორე უპირატესობა იმაშია, რომ ნავთობი
თავმოყრილია შედარებით მცირე ტერიტორიაზე, ეს კი ამცირებს ნავთობსადენების
მშენებლობის ხარჯებს. ამასთან, ქუვეითს მოსახერხებელი პორტი აქვს.
ტანკერებს შეუძლიათ თვით სანაპირომდე მოსვლა დასატვირთად.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ლეონარდო და ვინჩი
ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს . მომავალი გენიოსის მამა, პიერო
და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველზე ცნობილი
ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა - კატერინა, უბრალო - გლეხი .
ლეონარდო მათი უკანონო შვილი იყო. ლეონარდო ბავშვობიდანვე გატაცებული იყო
ხატვით.
1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში
გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა
ვეროკიოსთან მიაბარა. 1460-1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში
გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება
ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან
საკუთარი სახელოსნო დააარსა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს
ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში
მართავდა ლუდოვიკო მორო მავრი, სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი
როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის
დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა ტრაქტატი ფერწერაზე - ყველა დროის
მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს:
მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის - ფრანჩესკო სფორცა.
1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა
მოუხდა. მომდევნი წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით,
ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე
ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ
კვლავ მილანში მოეშურება. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ
შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო მადონა ლიტა. მსოფლიო
ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა საიდუმლო სერობა (1496-1497), რომელიც
აგრეთვე მილანში, სანტა მარია დელა გრაციას მონასტრის ერთ-ერთ კედელზეა
დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი
სტატიურობა, ღვთიურობა. ლეომარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული,
ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა.
და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია მონა ლიზას პორტრეტი, რომელიც
საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და ჯოკონდას სახელითაა ცნობილი. სურათში
პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა
მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში
ადამიანს მხოლოდ გულ-მკერამდე ხატავდნენ. ლეონარდო რამდენიმე პროფესიას
ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და
ინჟინერი იყო.
ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში.
არც მის მოღვაწეობამდე და არც მისი მოღვაწეობის შემდეგ ისტორიაში არ
არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური. ამავე დროს იგი ფლობდა
დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ, ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის
ნალის გაღუნვაო.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ტკბილეული მარგებელია
შოკოლადი – იგი საუკეთესო ანტიოქსიდანტია. არასდროს დაკვირვებიხართ?
შოკოლადი განსაკუთრებით დეპრესიის, ცუდ გუნებაზე ყოფნის დროს გინდებათ.
ამ ფაქტს მეცნიერებმაც მიაქციეს ყურადღება და დაამტკიცეს, რომ შოკოლადი
აუმჯობესებს გონების მუშაობას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს და რაც
მთავარია, კარიესის წარმოქმნას უშლის ხელს. ის მოსაზრება, თითქოს შოკოლადი
კანზე გამონაყარს აჩენს, მცდარია.
ნაყინი – მას მაღალკალორიულ პროდუქტად მიიჩნევენ, მაგრამ იმას როდი
აღნიშნავენ, რომ ნაყინი 30 მინერალურ მარილს, 20 სახეობის ვიტამინსა და
ცილის 20 ამინომჟავს შეიცავს. გარდა ამისა, ნაყინს შეუძლია განწყობა
აგვიმაღლოს და გაგვახალისოს. სხვათა შორის, ეს მეცნიერულადაა
დამტკიცებული.
თაფლი – კალორიულობით შაქარს უტოლდება, მაგრამ კონკურენტისგან
განსხვავებით, ადამიანისთვის აუცილებელ უამრავ ვიტამინსა და მინერალს
შეიცავს. ამავდროულად, ორგანიზმს გაციების დაძლევაშიც ეხმარება.
მურაბა – შაქარში მოხარშული ხილი ბევრისთვის საყვარელი დესერტია. მათ, ვინც
მურაბას სკეპტიკურად უყურებს, შევახსენებთ, რომ ჟოლოს (იგი დიდი
რაოდენობით შეიცავსვიტამინს) მურაბა გაციებას, ხოლო კომშის ყელის ტკივილს
შველის.
ჰალვა – არაბულად ეს სიტყვა ტკბილეულს ნიშნავს. ყველა იმ დადებით
კომპონენტთან ერთად, რასაც ჰალვა – შეიცავს, იგი ძალიან კალორიული
პროდუქტიცაა. ეს ტკბილეული განსაკუთრებით უყვართ ქალებს, რადგან იგი მათ
გაახალგაზრდავებაში ეხმარება. აგრეთვე სასარგებლოა კუჭის მოქმედებისა და
ნერვული სისტემისათვის. ჰალვა მდიდარია პროტეინით, ნატრიუმით, რკინითა და
მაგნიუმით
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ტკბილეულის მირთმევის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიხეხოთ კბილები :)
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ვავარჯიშოთ მეხსიერება
მეხსიერების წვრთნა სულ უმნიშვნელო ხერხით დაიწყეთ. ვთქვათ,
საზოგადოებრივ სასადილოში მიირთვით საკვები, გაიხსენეთ, რა გქონდათ
სადილად. თქვენ წუხართ, რომ ამას ხშირად ვერ იხსენებთ, მაგრამ არაფერია,
გაიხსენეთ, ვინ იჯდა თქვენს პირისპირ. ხომ არაფერი უთქვამს მას სუფრაზე?
მოგეწონათ თუ არა წვნიანი? მთავარია, გაიხსენოთ საერთო სურათი და სადილიც
გაგახსენდებათ.
ეცადეთ, გაიხსენოთ, ვინ შეგხვდათ, როცა საყიდლებზე იმყოფებოდით. შეხედეთ
მაგიდას, შემდეგ დახუჭეთ თვალები და ჩამოთვალეთ, რაც მაგიდაზე დგას. ალბათ
საგნების ნახევარი მაინც დაგისხლტათ მეხსიერებიდან, მაგრამ ცოტა ხნის
ვარჯიშის შემდეგ საქმე კარგად წავა, უფრო დაკვირვებული თვალით შეხედავთ
თქვენ გარშემო მყოფ ნივთებს, ყველაფერი ჩაგებეჭდებათ მეხსიერებაში.
ძალიან ბევრს არასასიამოვნო ამბავი სჭირს, შუა წინადადებაზე გაჩერდება
და სათქმელს ვეღარ იხსენებს, ეს იმიტომ ხდება, რომ სათქმელს აზრებით წინ
ვუსწრებთ და რასაც ვლაპარაკობთ, იმაზე უკვე აღარ ვფიქრობთ, მეტისმეტად
ვჩქარობთ! ცოტა ტემპის შემცირებაა საჭირო. რაც მთავარია, იმაზე უნდა
იფიქროთ, რასაც ლაპარაკობთ და საჭირო გამოთქმასაც ადვილად იპოვით.
ჩვეულებრივი ამბავია – ვერ იხსენებთ იმ ადამიანის სახელსა და გვარს,
რომელიც შეგხვდათ. ალბათ ჩქარობდით და ერთდროულად 10 სხვადასხვა რამეზე
ფიქრობდით; საკმარისია ერთი წუთი დასვენებისა და სიმშვიდისათვის, რომ
სახელიც და გვარიც ამოგიტივტივდებათ მეხსიერებაში.
როგორც ჩანს, გულმავიწყობა უდისციპლინო აზროვნების შედეგია; აზრი
პეპელასავით დაფრინავს, არაფერზე ჩერდება. გულმავიწყობა ხშირად თითქმის
ფაციფუცში გატარებული ცხოვრების შედეგია. იშვიათია, რომ გულმავიწყობა
აწყობილმა ცხოვრებამ გამოიწვიოს. სწორი არ იქნება, თუ არავითარ ზომას არ
მიიღებთ მის წინააღმდეგ და თქვენი მდგომარეობით დაკმაყოფილდებით.
გახსოვდეთ, ყოველთვის ავარჯიშეთ მეხსიერება!
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
« 1 2 ... 12 13 14 15 16 17 18 » |