მე-20 საუკუნის შუა წლებში აშშ-ში წარმოიშვა ე.წ. „ქარიზმატული" მოძრაობა („ქარიზმა" – ბერძნულად მადლი), რომელმაც მიზნად დაისახა თანამედროვე საზოგადოებაში ის სულიერი ნიჭები აეღორძინებინა, რომელიც მოციქულებმა სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს მიიღეს, კერძოდ „ენებზე მეტყველება" – სხვა ენაზე ამეტყველების უეცრად მიღებული უნარი. ამ მოძრაობას მალე ბაპტისტებისა და მეთოდისტების რიგი საკრებულოები შეუერთდა, ასეთი მოძრაობის გამოჩენა სწორედ რომ პროტესტანტულ გარემოში იყო მოსალოდნელი, რადგან მოციქულებრივი მემკვიდრეობითი მადლის უქონელ პროტესტანტულ რიტუალებს არ ძალუძთ მორწმუნეთა ჭეშმარიტი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.