ვულკანი სტრომბოლი
ტირენის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი საზღვაო გზის
გადაკვეთაზე მდებარეობს მცირე კუნძული სტრომბოლი (იტალია). თითქმის მთელი
მისი ტერიტორია უკავია ცნობილ მომქმედ ვულკანს.
სტრომბოლი ყველაზე აქტიური ვულკანია მსოფლიოში, რომელიც მუდმივად
იფრქვევა კაცობრიობის ”მეხსიერების” მანძილზე. აფეთქებები ყოველი 5-10-15
წუთის განმავლობაში ხდება. კრატერიდან ფრინდება ცეცხლის კაშკაშა სვეტები.
მას ერთვის ამოსროლილი გავარვარებული ქვები, ორთქლის გორგალი, დროდადრო
ნაპირებიდან იღვრება ლავა, ვულკანის წიაღიდან ისმის ყრუ გუგუნი და
ერთდოულად ამოიტყორცნება დამაბრმავებელი შუშხუნები. სტრომბოლს არა ერთი,
არამედ ორი კრატერი აქვს. ისინი ინთებიან ხან მონაცვლეობით, ხან
ერთდროულად.
ვულკანი სიმაღლეში კილომეტრამდე აღწევს. პირდაპირ წყლიდან ამოშვერილია
წვეტიანი კონუსი. კონუსის სიმაღლე, წყალქვეშა ნაწილის ჩათვლით, სამ
კილომეტრს აღემატება.
სტრომბოლის მახლობლად წყლიდან გასაოცრადაა ამოშვერილი მარტოხელა კლდე.
მისი სახელიც - სტრომბოლინო - პატარა სტრომბოლი, რომლის მწვერვალზე
შუქურაა. სტრომბოლს კუნძულთა თითქმის უწყვეტი ჯაჭვი მიუყვება - ლი პირი,
სალინა, პანარია, პანარია, ვულკანო და სხვა. ისინი გაყოფილია ვიწრო
სრუტეებით.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
უდაბნო საჰარა
საჰარა - დედამიწის უდიდესი უდაბნოა, მისი ფართობი 7 მლნ კვ. კმ. საჰარის
ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც იგი დაფარული იყო სავანებით და ტყეებითაც
კი. უჩვეულოდ მშრალი ჰაერი რელიეფთან შეხამებით ჯოჯოხეთად აქცევს
თანამედროვე საჰარის მიწას. უდაბნოს შიდა რაიონებში არის ერთეული ადგილები,
სადაც წვიმა წლობით და ათწლეულობით არ მოდის, ხოლო თუ მოდის, ზედაპირზე
დაცემამდე ორთქლდება, მიწამდე არც ერთი წვეთი არ აღწევს. ასეთ ადგილებში
სრულიად მოულოდნელად შესაძლებელია ისეთი თავსხმები, რომლებიც ძლიერ
წყალდიდობებს იწვევს. რამდენიმე წუთში დიდი ფართობები იფარება წყლის ფენით.
ამბობენ, რომ საჰარაში უფრო მეტი ადამიანია დამხრჩვალი, ვიდრე წყურვილით
დაღუპული.
ტრი პოლოსთან ახლოს, ჰაერის ტემპერატურა ივლისში 58 °C- საც აღწევს.
კლდეების მუქ ზედაპირზე ტემპერატურა შეიძლება მიუახლოვდეს 100 °C. მზის
ჩასვლის წინ, როდესაც ჰაერი მტვრითაა გაჯერებული, ხშირად იქმნება მირაჟები -
წარმოსახვითი ”ოაზისები”, ”ტბები” ან ”მთები”.
დღისით უდაბნოში ცხელა, ღამე ცივა. ჰაერის ტემპერატურის დღე-ღამური რყევა
30 °C-ზე მეტს აღწევს, მაგრამ დღის სიცხეს ადამიანი უფრო ადვილად იტანს,
ვიდრე ღამის სიცივეს.
ყველაზე აუტანელი ხანგრძლივი ქარბუქებია. მტვრისა და ქვიშის ქარბუქი
საოცარ სანახაობას წარმოადგენს. ისინი ხანძრებს გვანან. ცხელი ქარბუქიანი
დღეების შემდეგ ჰაერი საჰარაში ძლიერ ელექტროლიზდება. ტანსაცმლის, თმების,
რკინის ნივთებიც კი ნაპერწკლებს ყრიან. ქარბუქები ხშირად საოცარი
სიძლიერისაა. მისი სიჩქარე აღწევს 50 მ/წმ და მეტსაც.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
კაუჩუკის ხე
კაუჩუკი, რომელიც რამოდენიმე ტროპიკული ხის წვენიდან მიიღება - ამაზონის
ტყეში მოპოვებადი ძვირფასი პროდუქტია. კაუჩუკოვანი ხის მრავალი სახეობა
არსებობს. ამაზონის ტყეებში ყველაზე გავრცელებული და ძვირფასია ბრაზილიური
გევეა, რომელიც იზრდება მხოლოდ მდინარის მარჯვენა სანაპიროზე. ამაზონის
ტყის ჩრდილო ნაწილში კიდევ ოცი სხვა სახეობაა. ამ ხეების სიმაღლე
დაახლოებით 30 მ-ია, მათი ღია მწვანე ფერის ფოთლები დასერილია, ნაყოფი კი
ქმნის სათესლე პარკებს. 15-18 სმ მანძილზე კაუჩუკოვანი ხის ქერქს ჭრიან და
წვენს, ე.წ. ლატექსს, ჭურჭელში აგროვებენ.
XIX ს-ში კაუჩუკი ნაკლებად გამოიყენებოდა, ლატექსის ექსპორტი გართულებული
იყო. შემდგომში ამერიკელმა გამომგონებელმა ჩარლზ გუდიარმა აღმოაჩინა
კაუჩუკის მუდმივი გამოყენების შესაძლებლობა. კაუჩუკის მოთხოვნა ძალზე
გაიზარდა და ამაზონის ხეობას მიაწყდა გამდიდრების მსურველთა ნაკადი.
1873 წელს ბრაზილია კაუჩუკის მოპოვების მონოპოლისტი იყო, მაგრამ
ინგლისელმა ჰენრი უიკემმა შესძლო ფარულად გამოეტანა გევეის თესლი კიუს
ცნობილ ბაღში (ლონდონის მახლობლად). მრავალი ცდის შემდეგ თესლი გაღვივდა.
ახალგაზრდა მცენარეები გადაიტანეს კუნძულ შრი-ლანკაზე და მალაკუს
ნახევარკუნძულზე, სადაც მათი პლანტაციები გაშენდა. მალე ბრაზილიამ დაკარგა
თავისი მონოპოლისტური უფლება, რადგან პლანტაციებიდან მიღებულმა კაუჩუკმა
თითქმის მთლიანად განდევნა ბუნებრივ პირობებში მოპოვებული კაუჩუკი.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ქრისტეფორე კოლუმბი
ქრისტეფორე კოლუმბის (1451-1506) სახელი იქცა სიტყვა ”პირველაღმომჩენის”
სინონიმად. კოლუმბი სიცოცხლეში მრავალ ტიტულს ფლობდა, მაგრამ მისთვის
ყველაზე ძვირფასი - ”ზღვის - ოკეანის ადმირალი”-ს ტიტული იყო. მართალია
ამერიკის აღმოჩენის ისტორია არაერთხელ გადაფასდა, მაგრამ მნიშვნელოვანია
სხვა რამ - კოლუმბმა დასძლია ნაპირის საუკუნოვანი მიზიდულობა, მან
კაცობრიობას გაუკვალა გზა შეუცნობელ ოკეანეში ...
ძველი ფილოსოფოსი ამბობდა : ”არსებობენ სამი სახის ადამიანები - ისინი,
ვინც ცოცხლობენ, ისინი, ვინც გარდაიცვალნენ და ისინი ვინც დაცურავენ
ზღვაში”.
XV ს-ის მიწურულს კოლუმბმა (კრისტობალ კოლონმა) აღმოაჩინა სამრეთ
ამერიკის სანაპიროს ნაწილი. კოლუმბის სახელს ატარებს: სახელმწიფო სამხრეთ
ამერიკაში, მდინარე ჩრდილო ამერიკაში, ოლქი ამერიკის შეერთებულ შტატებში,
შტატი კანადაში და სხვა.
აშშ ოფიციალურად ამერიკის პირველაღმომჩენად აღიარებს ნორმან ლეივ
ერიქსონს (X-XI ს.), რაც დადგენილია კუნძულ ნიუფაუნდლენდზე ნორმანების
ნამოსახლარის გათხრებით. მისი ღვაწლის აღსანიშნავად ამერიკის აღმოჩენის
დღედ 9 ოქტომბერია მიღებული. კოლუმბის ღვაწლის აღსანიშნავად კი დაწესებულია
კოლუმბის დღე - 12 ოქტომბერი, როგორც ამერიკის ხელახალი აღმოჩენის დღე.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
იცით თუ არა რომ ...
ჩვენი პლანეტის 66,5 °-იან განედზე პოლარული დღე და პოლარული ღამე 2
საათის მანძილზე გრძელდება, მაშინ როცა პოლუსებზე მათი ხანგრძლივობა 186
(ჩრდ.) და 179 (სამხ.) დღე-ღამეა.
როგორც ცნობილია, სიმაღლის მატებასთან ერთად იზრდება ჩვენი მხედველობის
თვალსაწიერი. თუკი 1 მეტრ სიმაღლეზე ვიმყოფებით, ჰორიზონტის ხაზი შეგვიძლია
3,8 კილომეტრის მანძილზე გავარჩიოთ. 100 მეტრ სიმაღლეზე ჰორიზონტის ხაზი
40 კილომეტრზე ჩანს.
დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო ორბიტაზე, რომელსაც ელიფსის ფორმა აქვს.
ზამთარში დედამიწა უფრო ახლოს იმყოფება მზესთან (147 მლნ კმ მანძილზე),
ვიდრე ზაფხულში (152 მლნ კმ მანძილზე).
სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთრის თვეებია - ივნისი, ივლისი, აგვისტო.
გაზაფხულის - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი. ზაფხულის - დეკემბერი,
იანვარი, თებერვალი. შემოდგომის - მარტი, აპრილი მაისი.
დედამიწაზე არის ზღვა, რომელიც შუა ოკეანეშია და არაა გამოყოფილი
ოკეანესგან, არ გააჩნია მუდმივი საზღვრები და ნაპირები. ესაა სარგასის ზღვა
ატლანტის ოკეანეში. მან სიმბოლური საზღვრები და დასახელება მიიღო
წყალმცენარეებისაგან, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული ოკეანის ამ ნაწილში.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
პოლარული ნათება
ბუნების ეს მოვლენა შესაძლებელია ყველაზე ხშირად ვიხილოთ უსასრულოდ
გრძელი პოლარული ღამეების დროს, რომლებიც პოლუსიდან დაშორების მიხედვით
განუწყვეტლივ გრძელდება - რამდენიმე დღიდან 6 თვემდე.
პოლარული ნათება, დედამიწასა და მზეს შორის არსებული კავშირის ერთ-ერთი
რგოლია. ეს მოვლენა მიმდინარეობს დედამიწის ზედაპირიდან 80-1 000
კილომეტრამდე სიმაღლეზე, ატმოსფეროს ყველაზე უფრო გაუხშოებულ ფენაში -
იონოსფეროში.
პოლარულ ნათებას იწვევს გაუხშოებული გაზების ნათება
იონოსფეროში, რაც ხდება მზიგან გამოტყორცნილი, ელექტრობით დამუხტული
ნაწილაკების ნაკადის გავლენის შედეგად. პოლარული ნათება შორიდან
მოგვაგონებს კარგად ნაცნობ ნეონისმილებიან შუქრეკლამას. ამ მილებში ასევე
ანათებს გაუხშოებული გაზი, რომელშიც გადის ელექტრული დენი. მზე დედამიწაზე
აგზავნის ელექტრობით დამუხტულ ნაწილაკებს, რომლებზედაც დედამიწასთან
მოახლოებისას მოქმედებს მაგნიტური პოლუსების მიზიდულობა. ამიტომ იონოსფერო
ყველაზე ძლიერ ბომბარდირებას განიცდის პოლარულ რაიონებში და იქ
განსაკუთრებით ხშირად შეიმჩნევა ჩრდილოეთის ნათება.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ელვა
ელვა უბრალო ელექტრული განმუხტვაა, რომელიც წარმოიშობა ჭექა-ქუხილის
დროს. გამთბარი და ტენიანი ჰაერის მძლავრი ვერტიკალური დინებები ჰაერის
ნაკადებს ახვედრებს ღრუბლებს. ხახუნის შედეგად ელექტროვდებიან წყლის
ორთქლის წვეთები და ყინულის კრისტალები, რომლებიც წარმოშობენ ღრუბელს. როცა
ელექტრული მუხტი დიდ სიდიდეს აღწევს და ღრუბელსა და დედამიწას შორის
წარმოიშობა პოტენციალთა მაღალი სხვაობა, ჰაერში ჩნდება ელექტრული ნაპრალი -
ღრუბლიდან დედამიწისკენ (ან პირიქით), ხდება ელექტრული განმუხტვა, რასაც
ჩვენ ვუწოდებთ ელვას.
ელვის პირველ საფეხურს წარმოადგენს შედარებით ნელა განვითარებადი არხი,
რომელსაც ლიდერი ეწოდება. იგი გზას ხსნის შემდგომი განმუხტვისათვის. მას
შემდეგ, რაც ლიდერი დაამთავრებს თავის გზას, წარმოქმნილ არხში გაივლის
ღრუბლის უახლოეს ნაწილში თავმოყრილი მუხტის მთელი მასა. ახლა როცა არხს
უკვე აქვს მაღალი გამტარუნარიანობა, განმუხტვა ხდება რამდენიმე ათასი
კილომეტრის სიჩქარის წამში.
ადამიანის თვალი ხედავს მხოლოდ სინათლის ცეცხლოვან ზოლს. მას არ ძალუძს
დაინახოს მთელი ის პროცესი რომელსაც ელვა ეწოდება. თანამედროვე
ფოტოგრაფიული ტექნიკა საშუალებას გვაძლევს მთლიანად აღვბეჭდოთ ელვის
წარმოშობისა და განვითარების რთული პროცესი.
დენის გავლისას არხში ჰაერი ხურდება რემდენიმე ათას გრადუსამდე. ასეთი
სწრაფი და ძლიერი გახურება იწვევს ჰაერის ჩქარ გაფართოებას რაც მოგვაგონებს
აფეთქებას. აფეთქება იწვევს გარემომცველი ჰაერის შერყევას, რასაც თან
ახლავს აფეთქების ძლიერი ტალღა. ბგერით მოვლენებს, რომლებიც ამ დროს
წარმოიშობა, ეწოდება ქუხილი.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ქამელეონი
ქამელეონები პატარა ქვეწარმავლებია, რომლებიც ყველაზე მეტად ხვლიკებს
ენათესავებიან. მათი სიგრძე კუდიანად იშვიათად აღწევს ნახევარ მეტრზე მეტს.
ისინი მართლაც ადვილად იცვლიან ფერს. როგორ იცვლის ფერს ქამელეონი?
ქამელეონის კანში სამი ფერის საღებავია: შავი, ყვითელი და წითელი. ყოველი
მათგანი ავსებს სპეციალურ უჯრედებს - ქრომატოფორებს. ქრომატოფორებს
შეუძლიათ შეიკუმშონ პაწაწინა წერტილივით, მაგრამ ამასთანავე შეუძლიათ
გაფართოვდნენ კიდეც. ამ შემთხვევაში ისინი პატარა ვარსკვლავების ან
ობობების ფორმას იღებენ და ცხადია ამ მდგომარეობაში გაცილებით მეტ ფართობს
იკავებენ.
თუ შავი ქრომატოფორები ფართოვდებიან წითლებთან ერთად, ხოლო ყვითლები
იკუმშებიან, ქვეწარმავალი ყავისფერ ფერს იღებს, თუკი ყვითელს ოდნავ შავი
შეერევა, მას მწვანე ან მოცისფროი ფერი გადაჰკრავს. თუ ყოველივე ეს სხეულის
სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაგვარად ხდება, მაშინ სხეულზე შეიძლება
წარმოიქმნას ნაირნაირი ნახატი.
ამა თუ იმ ქრომატოფორების გაფართოება თუ შეკუმშვა განპირობებულია იმპულსებით, რომლებიც ქამელეონის ნერვული სისტემიდან მოდის
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
რატომ სწყურია ადამიანს ?
წყურვილი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. სუსტი წყურვილი დაკავშირებულია
ნერწყვის მცირე გამოყოფასთან და ყლაპვის მოთხოვნილებასთან. ძლიერი
წყურვილის დროს წყდება ნერწყვის გამოყოფა, პირი და ყელი შრება. ხანგრძლივი
წყურვილი მოქმედებს საერთო განწყობილებაზე. იწვევს პირის ღრუს და ყელის
ლორწოვანი გარსის გაწითლებას, თვალების გაწითლებას და წვას, სახის
გახურებას, ძნელდება ყლაპვა, იხლიჩება ხმა, ხშირდება მაჯისცემა, იკარგება
მადა, თავს იჩენს დაღლა. მოგვიანებით ძლიერდება ორგანიზმის აგზნებადობა,
იწყება ჰალუცინაციები, ციებ-ცხელება, ბოდვა, ამას მოსდევს გრძნობის
დაკარგვა და ბოლოს საშინელი ტანჯვით სიკვდილი.
წყურვილის მიზეზია სისხლში მინერალური მარილებისა და ორგანული
ნივთიერებების ჭარბი დაგროვება. უფრო ხშირად ამას იწვევს ორგანიზმში დიდი
რაოდენობით წყლის დაკარგვა.
ორგანიზმის ნორმალური დღიური მოთხოვნილება 2-3 ლიტრ წყალს უდრის. წყალი
გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან (საშუალოდ 1,5 ლიტრი დღე-ღამეში) და
განავალთან (0,2 ლიტრი) ერთად, აგრეთვე ორთქლის სახით სუნთქვის დროს
(დაახლოებით 0,43 ლიტრი დღე-ღამეში). წყლის მუდმივი დაკარგვა აუცილებელს
ხდის სითხის ხელახლა მიღებას.
ცხელ, მშრალ უდაბნოებში შეიძლება დიდი რაოდენობით წყალი დაკარგოს
ორგანიზმმა (უმთავრესად ოფლის სახით), რომ აუცილებელი გახდეს დღეში 12
ლიტრი წყლის მიღება.
ცხელ ქვეყნებში ძლიერი ოფლის გამოყოფა, რომელიც საათში 0,9 ლიტრს უდრის,
იწვევს არა მარტო წყლის დაკარგვას, არამედ მინერალური მარილების
დაკარგვასაც. ეს თავის მხრივ ძალიან აძნელებს ორგანიზმში წყლის
შენარჩუნებას, რის შედეგად უფრო მეტად იზრდება ოფლის დენა, წყურვილის
მოკვლა კი არ ხერხდება. ამ შემთხვევაში წყალს მარილს უმატებენ.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
იცით თუ არა რომ ...
თანამედროვე ალპინიზმის (მთამსვლელობის) დასაბამად ითვლება 1786 წელი,
როცა შვეიცარიელი გლეხი უ. ბალი და ფრანგი ექიმი მ. პაკარი ავიდნენ
მონბლანზე (4808 მ.). აღსანიშნავია, რომ იოანე ბატონიშვილის ”კალმასობის”
ხელნაწერის თანახმად, მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მყინვარწვერზე
(ყაზბეგი, 5043 მ.) ასულა ვინმე იოსებ მოხევე.
მსოფლიოს ულამაზეს ქალაქ პარიზს რამდენიმე სეხნია ჰყავს. ყველაზე ძველი
სეხნია უზბეკეთშია, სამარყანდის მახლობლად. ამ პატარა ქალაქს სახელი თემურ
ლენგმა უწოდა. მეორე პარიზი ლიტვაშია, ქალაქ დაუგავპილსთან. მისი
სახელწოდება 1812 წლის ომთანაა დაკავშირებული. მესამე პარიზი ურალშია -
ჩელიაბინსკის ოლქში. იგი მე-19 საუკუნის 40-იან წლებში დაარსა კაზაკთა იმ
ჯგუფმა, რომელიც პარიზის სახელობის ლეგიონში იბრძოდა და პირველი შევიდა
1814 წელს საფრანგეთის დედაქალაქში.
მსოფლიოში სეისმურად ყველაზე აქტიურია წყნარი ოკეანის აუზი. მის
კალაპოტში, კუნძულებზე და მოსაზღვრე კონტინენტების ნაპირებზე თავმოყრილია
პლანეტის თითქმის 85-90% სეისმური ენერგია.
ციტრუსები სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეებია, ამიტომ ისინი
უპირატესად სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში იზრდებიან. მათი ნორმალური
მოსავლიანობისთვის მინიმუმ 900 მმ ნალექია საჭირო, ხოლო უარყოფით
ტემპერატურათა ზღვარი ლიმონისთვის -2°C, ხოლო ფორთოხლისათვის -7°C-ია.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ფიფქები და სეტყვა
ოკეანეების, ზღვების და მდინარეების აორთქლების შედეგად წარმოქმნილი
წყლის ორთქლი ატმოსფეროში გადადის. თოვლი და ყინული ასევე გადნობის გარეშეც
განიცდის აორთქლებას.
დაბალ ტემპერატურაზე წყლის ორთქლი უფრო ადვილად იძლევა უშუალოდ ყინულის
პატარა კრისტალებს, ვიდრე მისი კონდენსაცია წყლის პატარა წვეთებს.
ასეთი პირობები წარმოიქმნება ატმოსფეროს მაღალ, ცივ შრეებში. წყლის
ორთქლი დედამიწის ზედაპირიდან ზევით ადის, ცივდება, აღწევს გაჯერების
გარკვეულ მომენტს და ერთბაშად ყინულად გადაიქცევა. ყინულის პირველ
კრისტალებს არატოლგვერდებიანი წაგრძელებული პრიზმების ან სწორი, ბრტყელი
ექვსკუთხედების ფორმა აქვს. ამ თავდაპირველ პატარა კრისტალებზე ხდება წყლის
ორთქლის შემდგომი დალექვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება უფრო რთული
კრისტალები.
წყლის ორთქლით ძლიერად გაჯერებულ შრეებში ყინულის თავდაპირველი პატარა
კრისტალები სწრაფად იზრდებიან, რის შედეგადაც ისინი ყინულის გამჭვირვალე
მარცვლებს წარმოქმნიან. ძირს ცვენის დროს ეს მარცვლები გაივლის გაცივებულ
წყლის წვეთებსი, რომლებიც წყლით ფარავს მათ და ზედ ეყინება. ამ გზით
წარმოქმნილი მარცვლები უკვე აღარაა გამჭვირვალე.
სხვა ბედი აქვს ყინულის მარცვლებს, რომლებიც შორს მიაქვს საჰაერო
დინებებს და დიდი ხანი იმყოფება ღრუბლებში, ამ შემთხვევაში მარცვლებზე
ილექება ღრუბლის ქვედა შრეებში არსებული გაცივებული წყალი (რომელიც
გამჭვირვალე ყინულს წარმოქმნის). მარცვლებზე ხდება თეთრი გაუმჭვირვალე
შრეების წარმოქმნა. ეს სეტყვის მარცვლებია, რომლებიც ხან ყინულის და ხან
თოვლის დამახასიათებელი შრეებისაგან შედგებიან. ყველაზე დიდი მარცვლის წონა
1 კგ.-ს აღწევდა და ჰქონდა 10 სმ.-ის დიამეტრი. ზოგჯერ მოდის ხოლმე ეგრეთ
წოდებული ყინულის წვიმა. იგი გარედან გაყინული წვიმის წვეთებია, რომლის
შიგნით წყალია მოთავსებული.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ხელოვანები ხუმრობენ 2
ერთხელ გრიგოლ ჩარკვიანი პიესა ”ლეკის ქალ გულჯავარში” ასრულებდა დემურ
ჩოღლის როლს. ამავე დროს სცენარიუსობდა კიდეც... გრიგოლი მსახიობებს
რიგ-რიგობით იძახებდა სცენაზე. დადგა დემურ ჩოღლის გასვლის დროც და
სცენარიუსმა დაიძახა:
-- აბა, დემურ ჩოღლი, მოემზადე შენი გამოსვლაა! - მაგრამ ხმა არავინ გასცა. შემდეგ ისევ ხმამაღლა დაიძახა:
-- ბიჭო, სადა ხარ, დემურ ჩოღლი, გასვლის დროა! - ხმას არავინ სცემდა.
სცენაზე მოქმედება შეწყდა. მსახიობები ელოდნენ დემურ ჩოღლის გამოსვლას.
კულისებში ჩოჩქოლი შეიქნა. ბოლოს ერთი მოვიდა გონს და შეეკითხა სცენარიუსს:
-- ბიჭო, გრიგოლ, შენ რა როლს თამაშობ?
-- ჰო, მართლა, აგერ არ ვყოფილვარ! - ტავისი ბოხი ხმით ჩაილაპარაკა
გრიგოლმა და გავარდა სცენაზე.... მაგრამ აქ მეორე უბედურება დაემართა: მას
ხელში ეჭირა ქაღალდი, სადაც რეპლიკები ეწერა და რომელიც კულისებში უნდა
დაეტოვებინა.
ვერც ერთი მსახიობი უძრავ სცენებში იმდენ გამძლეობას ვერ იჩენდა, როგორც
გრიგოლ ჩარკვიანი. განსაკუთრებით შესანიშნავი იყო ქანდაკებაში. მის
ქანდაკებას ყველა განცვიფრებაში და აღტაცებაში მოჰყავდა.
ერთხელ ქუთაისში დადგეს მონტის ცნობილი პიესა ”კაიუს გრახკი”. გრიგოლი აქ
ქანდაკებას ”ასრულებდა”. იგი უძრავად იდგა სცენაზე, ამ დროს ცხვირზე ბუზი
დააჯდა და არ ეშვებოდა. გრიგოლმა ვეღარ მოითმინა და თავი გააქნია, მაგრამ
აბა, ქანდარას რა გამოეპარებოდა?! გაისმა სიცილი... გრიგოლმა იხტიბარი არ
გაიტეხა და განაგრძო თავის პოზაში დგომა. ბუზი არ ეშვებოდა და ცხვირიდან
აფრენილი ისევ ნესტოებთან დააფრინდა. გრიგოლმა ვეღარ მოითმინა, უფრო
მძლავრად გაიქნია თავი და ხელიც შეაშველა. ბუზი კი გაფრინდა, მაგრამ
დარბაზში სიცილ-ხარხარი ატყდა. თან ისმოდა რეპლიკები: ვაშა, გრიგოლ, რეპეტე
...
მოთმინებიდან გამოსულმა გრიგოლმა მრისხანედ ასძახა ზევით:
-- რა გაცინებთ, თქვე მამაძაღლებო ?! ვერ გაჩუმდებით ?!
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
აქლემი
აქლემი ადამიანზე შვიდჯერ უფრო მძიმეა და თეორიული გამოთვლების მიხედვით,
გასაგრილებლად ადამიანზე ორჯერ უფრო მეტ წყალს უნდა ხარჯავდეს.
სინამდვილეში კი, უფრო ”ძუნწად” იმეტებს მას. სწორედ ამ ეკონომიაში იმალება
მისი წარმატების საიდუმლო - მოგზაურობის შემდეგ აქლემს ათეულობით ლიტრი
წყლის, ერთი კვირის მოწყურებულ აქლემს კი ასი ლიტრი წყლის დალევაც შეუძლია.
აქლემის ასეთი გამძლეობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იგი
პრაქტიკულად არ ოფლიანდება - მას სხეული ხშირი ბეწვით აქვს დაფარული. რაც
სხეულს გადახურებისგან იცავს, აქლემი მოგზაურობისას პრაქტიკულად პირს
თითქმის არ აღებს - ამით აორთქლება ნულამდე დაჰყავს. იგი იშვიათად
სუნთქავს, პაპანაქება სიცხეში თექვსმეტჯერ წუთში, მაშინ, როდესაც ხარი -
250-ჯერ, ძაღლი კი 350-ჯერ აღებს პირს იგივე პირობებში.
აქლემი წყალს ცხიმის სახით ინახავს სხეულში. ცნობილია , რომ ცხიმის
”ხარჯვისას” 100 გრამი ცხიმიდან 107 გრამი წყალი გამოიყოფა. საშუალო ზომის
აქლემს, აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, 5 ლიტრამდე წყლის გამოყოფა
შეუძლია.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ამერიკის ინდიელები
ამერიკა არ მიეკუთვნება დედამიწის იმ ტერიტორიათა რიცხვს, სადაც
წარმოიშვა კაცობრიობა. პირველად ადამიანები აქ მოვიდნენ 25-30 ათასი წლის
წინ. მაშინ ბერინგის სრუტის ადგილას ხმელეთი იყო, რომელიც აერთებდა აზიას
ამერიკასთან. ასეთი სახმელეთო გზით გადავიდა აზიიდან ხალხი ამერიკაში.
იქ, სადაც ტუნდრა ესაზღვრება ტყეს, იწყება ინდიელთა სამფლობელოები.
ატაპასკებს ეკავათ ჩრდილოეთის ტყეების დასავლეთი ნაწილი, ალგონკინებს კი
აღმოსავლეთი. ერთიც და მეორეც იყოფოდა მრავალრიცხოვან ტომებად. ისინი თავს
ირჩენდნენ ნადირობით, ფრინველთა რეწვით, მეთევზეობით და საკვებად ვარგისი
მცენარეების კრეფით. ჩრდილო ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე
ცხოვრობდნენ ზაიდები, ტლინკები, რომლებმაც შექმნეს მაღალეფექტური თევქჭერის
მეურნეობა.
აშშ-ს დღევანდელი ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობდნენ
იროკეზები და სხვა ტომები, რომელთა მეურნეობაში ძირითადი იყო
მიწათმოქმედება.
დღევანდელი მექსიკის, გვატემალის, ჰონდურასის და სალვადორის ტერიტორიებზე
ცხოვრობდნენ ის ინდიელები, რომლებიც საკვები მცენარეულობის მოყვანას
მისდევდნენ. ინდიელებმა თავისი სახელმწიფოები შექმნეს. ყველაზე ცნობილი იყო
მაიას ტომის და აცტეკების სახელმწიფოები. ისინი აშენებდნენ ქალაქებს,
ჰქონდათ თავისებური დამწერლობა და მიწათმოქმედების მაღალი კულტურა.
ჩრდილო ამერიკის ინდიელთა ტომების რიცხვი ძალზე შემცირდა. მათი ნაწილი
დღემდე იძულებულია რეზერვაციებში იცხოვროს, ზოგი ქალაქში გადასახლდა.
ბევრი მცენარე - კარტოფილი, სიმინდი, კაკაო - ამერიკიდან გატანილი და
მთელ მსოფლიოში იქნა გავრცელებული. ამჟამად მექსიკის და ამერიკის სხვა
ქვეყნების არქიტექტურაში იგრძნობა ინდიელთა გავლენა. ინდიელთა ხალხი
შეადგენს მექსიკის, გვატემალის, ეკვადორის, პერუს, ბოლივიის მოსახლეობის
მნიშვნელოვან ნაწილს.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
იცით თუ არა რომ ...
საქართველო ტიპიური მთიანი ქვეყანაა. ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიის 54 %
მთებია, 33% - მთისწინეთი და გორაკ-ბორცვები, მის დაბლობ ნაწილს კი მხოლოდ
13% უკავია. საქართველოს ტერიტორიის საშუალო სიმაღლე 1230 მეტრია ზღვის
დონიდან.
თანამედროვე გამყინვარება საქართველოში მხოლოდ კავკასიონის ქედზე
გვხდება. აქ თვლიან 786 მყინვარს, რომელთა საერთო ფართობი 555 კვ.კმ-ია.
თბილისის პირველი კარტოგრაფიული გამოსახულება შესრულებულია 1673 წელს
ცნობილი ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის მიერ, ხოლო მეორე 1701 წელს ჟ.
ტურნეფორის მიერ. თბილისის პირველი ტოპოგრაფიული გეგმა კი ცნობილ ქართველ
კარტოგრაფს, ვახუშტი ბაგრატიონს ეკუთვნის. მისი მასშტაბია 1:18000 .
საქართველოს ტერიტორიის საზღვრების საერთო სიგრძე 1970 კილომეტრია. მათ
შორის სახმელეთო საზღვარზე მოდის 84% (1660 კმ), ხოლო საზღვაოზე - 16% (310
კმ).
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ხელოვანები ხუმრობენ
სოფოკლემ თქვა, რომ მის მიერ დაწერილი სამი ლექსი, სამი დღის შრომის შედეგი იყო.
-- სამი დღისა?! - შეჰყვირა საშუალო ნიჭის პოეტმა, - მე ხომ ამ ხნის განმავლობაში დავწერდი ასს!
-- დიახ, - უპასუხა სოფოკლემ, - მაგრამ ისინი იარსებებდნენ მხოლოდ სამ დღეს.
გამოჩენილი ნორვეგიელი დრამატურგი იბსენი სიტყვაძუნწი იყო. ერთხელ მისმა
წიგნების გამომცემელმა მიიწვია იგი თავისთან ნადიმზე. იბსენმა უარი უთხრა:
-- რომ მოვიდე ხმას არ ამოვიღებ, სტუმრებიც ჩემს პატივსაცემად მთელი ღამე
გაჩუმებული იქნებიან. მე არ მოვალ და გაჯავრებულ სტუმრებს მიეცემათ თემა
სასიამოვნო საუბრისთვის.
ჟურნალისტმა ჰკითხა მარკ ტვენს. მართლა მუშაობს თუ არა იგი დიდ პიესაზე.
მარკ ტვენმა უპასუხა:
-- შეგიძლიათ აცნობოთ თქვენს გაზეთს, რომ ვწერ დრამას, რომელიც ოთხი
მოქმედებისა და სამი ანტრაქტისაგან შედგება და სამი ანტრაქტი უკვე
დავამთავრე.
მარკ ტვენმა უთხრა ერთ მანდილოსანს:
-- თქვენ მომხიბლავი ბრძანდებით!
-- სამწუხაროდ, არ შემიძლია მსგავსი ქათინაურით სამაგიერო გადაგიხადოთ, - უპასუხა მან.
მწერალს გაეღიმა და უთხრა:
-- თქვენც ისევე მოიქეცით, როგორც მე - იცრუეთ !
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ქუვეითის ”შავი ოქრო”
ქუვეითი - აზიის მიკრო სახელმწიფოა (S=20 ათასი კვ. კმ). მისი მოსახლეობა
შეადგენს 1,8 მლნ. კაცს. აქ ცხელი კლიმატია. წელიწადის ცალკეულ პერიოდში
ჰაერის ტემპერატურა ჩრდილში 50 გრადუსს აღწევს. ჩრდილი აქ იშვიათობაა,
რადგან უდაბნო დაფარულია მლაშობებით. ადრე მოსახლეობა თავმოყრილი იყო
ოაზისებში, საუკუნეობით ეს ტერიტორია მცირემოსახლიანი იყო, იშვიათად
გამოჩნდებოდნენ მომთაბარენი.
დღეს უდაბნო მდიდარ, თანამედროვე, საოცრებებით სავსე სახელმწიფოდ იქცა.
ნავთობის მსოფლიო მარაგის 20% და სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობის
მარაგის მესამედი კონცენტრირებულია ქუვეითის წიაღში. ნავთობი ქუვეითში 1938
წელს იქნა აღმოჩენილი, ხოლო მისი ექსპლუატაცია მხოლოდ 1946 წელს დაიწყო.
ნავთობის არსებობის შესახებ ქუვეითელმა ბედუინებმა ადრეც იცოდნენ,
მანამდე, სანამ მას აღმოაჩენდნე ინგლისელი და ამერიკელი გეოლოგები.
ბედუინებმა არაერთხელ შენიშნეს უდაბნოს ქვიშაში ყავისფერი სითხით შევსებული
მცირე ჩაღრმავებები, რომელიც უვარგისი იყო სასმელად. მას ისინი იყენებდნენ
როგორც სამკურნალო საშუალებას. შემდგომში აღმოჩნდა, რომ აქ ნავთობი უფრო
მეტია, ვიდრე სასმელი წყალი.
ნავთობი ზედაპირზე მაღალი წნევით ამოდის, ამოტომ ქუვეითური ნავთობის
მოპოვება ყველაზე იაფია მსოფლიოში. მეორე უპირატესობა იმაშია, რომ ნავთობი
თავმოყრილია შედარებით მცირე ტერიტორიაზე, ეს კი ამცირებს ნავთობსადენების
მშენებლობის ხარჯებს. ამასთან, ქუვეითს მოსახერხებელი პორტი აქვს.
ტანკერებს შეუძლიათ თვით სანაპირომდე მოსვლა დასატვირთად.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ლეონარდო და ვინჩი
ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს . მომავალი გენიოსის მამა, პიერო
და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველზე ცნობილი
ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა - კატერინა, უბრალო - გლეხი .
ლეონარდო მათი უკანონო შვილი იყო. ლეონარდო ბავშვობიდანვე გატაცებული იყო
ხატვით.
1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში
გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა
ვეროკიოსთან მიაბარა. 1460-1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში
გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება
ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან
საკუთარი სახელოსნო დააარსა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს
ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში
მართავდა ლუდოვიკო მორო მავრი, სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი
როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის
დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა ტრაქტატი ფერწერაზე - ყველა დროის
მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს:
მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის - ფრანჩესკო სფორცა.
1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა
მოუხდა. მომდევნი წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით,
ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე
ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ
კვლავ მილანში მოეშურება. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ
შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო მადონა ლიტა. მსოფლიო
ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა საიდუმლო სერობა (1496-1497), რომელიც
აგრეთვე მილანში, სანტა მარია დელა გრაციას მონასტრის ერთ-ერთ კედელზეა
დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი
სტატიურობა, ღვთიურობა. ლეომარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული,
ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა.
და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია მონა ლიზას პორტრეტი, რომელიც
საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და ჯოკონდას სახელითაა ცნობილი. სურათში
პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა
მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში
ადამიანს მხოლოდ გულ-მკერამდე ხატავდნენ. ლეონარდო რამდენიმე პროფესიას
ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და
ინჟინერი იყო.
ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში.
არც მის მოღვაწეობამდე და არც მისი მოღვაწეობის შემდეგ ისტორიაში არ
არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური. ამავე დროს იგი ფლობდა
დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ, ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის
ნალის გაღუნვაო.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ტკბილეული მარგებელია
შოკოლადი – იგი საუკეთესო ანტიოქსიდანტია. არასდროს დაკვირვებიხართ?
შოკოლადი განსაკუთრებით დეპრესიის, ცუდ გუნებაზე ყოფნის დროს გინდებათ.
ამ ფაქტს მეცნიერებმაც მიაქციეს ყურადღება და დაამტკიცეს, რომ შოკოლადი
აუმჯობესებს გონების მუშაობას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს და რაც
მთავარია, კარიესის წარმოქმნას უშლის ხელს. ის მოსაზრება, თითქოს შოკოლადი
კანზე გამონაყარს აჩენს, მცდარია.
ნაყინი – მას მაღალკალორიულ პროდუქტად მიიჩნევენ, მაგრამ იმას როდი
აღნიშნავენ, რომ ნაყინი 30 მინერალურ მარილს, 20 სახეობის ვიტამინსა და
ცილის 20 ამინომჟავს შეიცავს. გარდა ამისა, ნაყინს შეუძლია განწყობა
აგვიმაღლოს და გაგვახალისოს. სხვათა შორის, ეს მეცნიერულადაა
დამტკიცებული.
თაფლი – კალორიულობით შაქარს უტოლდება, მაგრამ კონკურენტისგან
განსხვავებით, ადამიანისთვის აუცილებელ უამრავ ვიტამინსა და მინერალს
შეიცავს. ამავდროულად, ორგანიზმს გაციების დაძლევაშიც ეხმარება.
მურაბა – შაქარში მოხარშული ხილი ბევრისთვის საყვარელი დესერტია. მათ, ვინც
მურაბას სკეპტიკურად უყურებს, შევახსენებთ, რომ ჟოლოს (იგი დიდი
რაოდენობით შეიცავსვიტამინს) მურაბა გაციებას, ხოლო კომშის ყელის ტკივილს
შველის.
ჰალვა – არაბულად ეს სიტყვა ტკბილეულს ნიშნავს. ყველა იმ დადებით
კომპონენტთან ერთად, რასაც ჰალვა – შეიცავს, იგი ძალიან კალორიული
პროდუქტიცაა. ეს ტკბილეული განსაკუთრებით უყვართ ქალებს, რადგან იგი მათ
გაახალგაზრდავებაში ეხმარება. აგრეთვე სასარგებლოა კუჭის მოქმედებისა და
ნერვული სისტემისათვის. ჰალვა მდიდარია პროტეინით, ნატრიუმით, რკინითა და
მაგნიუმით
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ტკბილეულის მირთმევის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიხეხოთ კბილები :)
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
ვავარჯიშოთ მეხსიერება
მეხსიერების წვრთნა სულ უმნიშვნელო ხერხით დაიწყეთ. ვთქვათ,
საზოგადოებრივ სასადილოში მიირთვით საკვები, გაიხსენეთ, რა გქონდათ
სადილად. თქვენ წუხართ, რომ ამას ხშირად ვერ იხსენებთ, მაგრამ არაფერია,
გაიხსენეთ, ვინ იჯდა თქვენს პირისპირ. ხომ არაფერი უთქვამს მას სუფრაზე?
მოგეწონათ თუ არა წვნიანი? მთავარია, გაიხსენოთ საერთო სურათი და სადილიც
გაგახსენდებათ.
ეცადეთ, გაიხსენოთ, ვინ შეგხვდათ, როცა საყიდლებზე იმყოფებოდით. შეხედეთ
მაგიდას, შემდეგ დახუჭეთ თვალები და ჩამოთვალეთ, რაც მაგიდაზე დგას. ალბათ
საგნების ნახევარი მაინც დაგისხლტათ მეხსიერებიდან, მაგრამ ცოტა ხნის
ვარჯიშის შემდეგ საქმე კარგად წავა, უფრო დაკვირვებული თვალით შეხედავთ
თქვენ გარშემო მყოფ ნივთებს, ყველაფერი ჩაგებეჭდებათ მეხსიერებაში.
ძალიან ბევრს არასასიამოვნო ამბავი სჭირს, შუა წინადადებაზე გაჩერდება
და სათქმელს ვეღარ იხსენებს, ეს იმიტომ ხდება, რომ სათქმელს აზრებით წინ
ვუსწრებთ და რასაც ვლაპარაკობთ, იმაზე უკვე აღარ ვფიქრობთ, მეტისმეტად
ვჩქარობთ! ცოტა ტემპის შემცირებაა საჭირო. რაც მთავარია, იმაზე უნდა
იფიქროთ, რასაც ლაპარაკობთ და საჭირო გამოთქმასაც ადვილად იპოვით.
ჩვეულებრივი ამბავია – ვერ იხსენებთ იმ ადამიანის სახელსა და გვარს,
რომელიც შეგხვდათ. ალბათ ჩქარობდით და ერთდროულად 10 სხვადასხვა რამეზე
ფიქრობდით; საკმარისია ერთი წუთი დასვენებისა და სიმშვიდისათვის, რომ
სახელიც და გვარიც ამოგიტივტივდებათ მეხსიერებაში.
როგორც ჩანს, გულმავიწყობა უდისციპლინო აზროვნების შედეგია; აზრი
პეპელასავით დაფრინავს, არაფერზე ჩერდება. გულმავიწყობა ხშირად თითქმის
ფაციფუცში გატარებული ცხოვრების შედეგია. იშვიათია, რომ გულმავიწყობა
აწყობილმა ცხოვრებამ გამოიწვიოს. სწორი არ იქნება, თუ არავითარ ზომას არ
მიიღებთ მის წინააღმდეგ და თქვენი მდგომარეობით დაკმაყოფილდებით.
გახსოვდეთ, ყოველთვის ავარჯიშეთ მეხსიერება!
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
O.K.–ს წარმოშობის ისტორია
O.K. აღიქმება, როგორც სიმბოლო, რომელიც ნიშნავს, „ყველაფერი წესრიგშია".
O.K.–ს წარმოშობის ბევრი ვერსია არსებობს. ყველაზე გავრცელებულია
მოსაზრება, რომ O.K. წარმოიშვა ამერიკის პრეზიდენტის მარტინ ვან ბურენის
დაბადების ადგილის Old Kinderhook (ნიუ–ორკის შტატი) შემოკლებით. ვან
ბურენმა აირჩია ფსევდონიმი, რომელიც მის დაბადების ადგილს უკავშირდება.
შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეიქმნა მისი სარეკლამო სლოგანი
"Old Kinderhook is O.K.".
მეორე ვერსიით, O.K. გაჩნდა ბოსტონის გაზეთში 1839 წელს აბრევიატურა
"oll korrect” აღსანიშნავად (არასწორად დაწერილი ინგლისური all correct –
ყველაფერი სწორია). მსგავსი ჰიპოთეზა უკავშირდება პრეზიდენტ ჯექსონს,
რომელიც "all correct” წერდა გერმანულ სტილზე "oll korrect” ანუ O.K.
არსებობს არანაკლებ გავრცელებული ე.წ. „ფოლკლორული" ვერსიები. ფრანგების
აზრით, ეს გამოთქმა გაჩნდა ომის დროს, როცა აკეთებდნენ ყოველდღიურ
მოხსენებას მოკლულ ჯარისკაცებზე. წერდნენ, "0 killed” ანუ მოკლედ O.K.
მოგვიანებით O.K. გამოიყენეს ინგლისელმა მფრინავებმა, როცა ბაზას
ატყობინებდნენ, რომ არ ჰქონდათ დანაკარგები და პრობლემები. კიდევ ერთი
ვერსიით O.K. წარმოიშვა თანამედროვე ბერძნული "OLA KALA”. მას იყენებენ
ბერძენი მეზღვაურები. ამერიკელი რელსების დამწყობები რელსებზე აღნიშნავდნენ
ამ ორ ასოს, როცა ყველაფერი წესრიგში იყო.
ოკლაჰომას მაცხოვრებლები კი ამტკიცებენ, რომ O.K. მათი შტატის შემოკლებული სახელწოდებაა.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
2 მილიონი „უცოდველი" კოცნისთვის
რამდენიმე წლის წინ საფრანგეთის ქალაქ ავინიონში
მეტად უცნაური სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს წინაშე წარდგა
კამბოჯური წარმოშობის ელ რინდი, რომელსაც ბრალი ედებოდა ცნობილი ამერიკელი
მხატვრის სუ ტუამბლის ნახატების მიმართ გამოვლენილ „სისასტიკეში".
საქმე ისაა, რომ მხატვრის ოსტატობით აღფრთოვანებულმა თავადაც ხელოვანმა
ელმა, თავი ვერ შეიკავა და ნახატს წითელი პომადაწასმული ტუჩებით აკოცა.
ერთი შეხედვით, „უცოდველი" ამბორისთვის ნახატის მფლობელი ივონ ლემბერტი
რინდისგან 2 მილიონ დოლარსა და რესტავრაციისთვის საჭირო 33 400 ევროს
ითხოვს.
განსასჯელის განცხადებით, გალერეაში დაცული ნახატის დანახვისთანავე იგი „ვნებამ მოიცვა" და თავი ვეღარ შეიკავა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს ნანობს. იგი იმდენად იყო ემოციებით
სავსე, რომ თავის შეკავება ვეღარ შეძლო", – განაცხადა განსასჯელის სკამზე
მჯდომი ქალბატონის ადვოკატმა, რომელმაც ამბორი სიყვარულის გამომჟღავნებად
ჩათვალა. ამის მიუხედავად, ლამბერტის ადვოკატმა გონებამახვილურად შენიშნა,
რომ სიყვარულში ორი ადამიანის თანხმობაა საჭირო. სასამართლოს დღემდე არ
გამოუტანია საბოლოო განაჩენი.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
სისხლის ჯგუფი და ხასიათი
სისხლის ჯგუფების
გამოკვლევასა და ადამიანებზე დაკვირვებას იაპონელმა ექიმმა ტოშიტაკა ნომიმ 25 წელი
მოანდომა. მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ, ნომიმ წიგნიც კი გამოსცა, რომლის მრავალჯერადმა
გამოცემამ მილიონნახევრიან ტირაჟს გადააჭარბა. მისი გამოკვლევების თანახმად, სისხლის ჯგუფზე დამოკიდებულია არა მარტო
ადამიანის ქცევა, არამედ ხასიათი, მანერები და გრძნობებიც კი...
პირველი ჯგუფი (0) – მონადირე:
ამ ჯგუფის
სისხლი ადამიანს მიზანსწრაფულს, დამოუკიდებელს და საკუთარ თავში
დარწმუნებულს ხდის.
ისინი ბავშვობიდან ლიდერის თვისებებს ამჟღავნებენ. ოპტიმისტები არიან და
დადებით ემოციებს
აფრქვევენ. მდგრადი ხასიათის გამო, ნევროზი თითქმის არ ემართებათ.
შეიძლება ცოტა ხნით აპათიამ შეიპყროთ, მაგრამ მხოლოდ დროებით... ეჭვიანებსა
და ამბიციურებს საკუთარ თავზე მუდამ დიდი წარმოდგენა აქვთ, ამიტომ
კრიტიკასა და შენიშვნას არავისგან იღებენ. უყვართ, როცა აქებენ. ასეთი
სისხლის მატარებელი ადამიანი, როგორც წესი, ცხოვრებაში წარმატებებს
აღწევენ.
მეორე ჯგუფი (ა) – მიწათმოქმედი
ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანი გონიერი, გამჭრიახი, ერთგული
მეგობარი, ბეჯითი და შრომისმოყვარეა. დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე
მიჰყავს. სხვათა შორის, იგი ხშირადაა გულჩათხრობილი და თავის გულის ნადებს
იშვიათად ამხელს. მათი დადებითი თვისებებისგან აღსანიშნავია
გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, წინდახედულობა,
პასუხისმგებლობის აღება და სხვისი აზრის გათვალისწინება.
მესამე ჯგუფი (ბ) – მომთაბარე
წინა ორისგან განსხვავებით, ამ ჯგუფი ადამიანი ადვილად პოულობს სერთო
ენას სხვებთან. გაწონასწორებული და ტაქტიანია. არ უყვარს კონფლიქტი და
ხშირად გამოდის შემრიგებლის როლში. შეუძლია გაჭირვებაში ჩავარდნილი
ახლობლის დახმარება. მიიჩნევა, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმს ყველაზე
მეტად მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანი უწყობს ფეხს.
მეოთხე ჯგუფი (აბ) – გამოცანა
ეს ჯგუფი მესამე და მეოთხე ჯგუფების შერევით წარმოიშვა. ამიტომ მასში
არის როგორც მიწათმოქმედის, ისე მომთაბარის ნიშნები. მეოთხე სისხლის ჯგუფის
მქონე ადამიანი ხშირად ვარდება უკიდურესობაში. ამიტომ გადაწყვეტილების
მიღება ძალიან უჭირს. ეს ადამიანი ძალიან საინტერესოა. დაჯილდოებულია
ნიჭითა და ქარიზმატულობით. ამის ნათელი მაგალითია ამ სისხლის ჯგუფის
მატარებელი ორი ადამიანი: აშშ–ს 35–ე პრეზიდენტი – ჯონ კენედი და ჰოლივუდის
სექსსიმბოლო – მერილინ მონრო.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-12
|