• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » ქართული ხალხური ზღაპარი "წიქარა"
1:49 PM
ქართული ხალხური ზღაპარი "წიქარა"
წიქარა
    ილუსტრაციები შუქია არაბულის 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი. დედა ადრე მოუკვდა და მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ერთი ავი და აშარი ქალი გამოდგა. გერს მუდამ სცემდა და ცეცხლის კალოში აყენებდა.

ბიჭს ერთი ხარი ჰყავდა, სახელად წიქარა, რომელიც ძალიან უყვარდა. ყოველდღე მინდორში დაჰყავდა. დაბინდებამდე აძოვებდა, აბანავებდა, ჩრდილში ასვენებდა, რომ სიცხეს არ შეეწუხებინა და მისი მოვლით თვითონაც ერთობოდა.

დედინაცვალი კი არა ცხრებოდა, გერის თავიდან მოშორება უნდოდა.

სხვაფრივ რომ ვერას გახდა, ადგა და ერთხელ თავი მოიავადმყოფა, დაიწყო ტყუილი კვნესა და გმინვა. ქმარმა ჰკითხა:

 - რა გიშველისო?

- წიქარას გულ-ღვიძლის გარდა ვერაფერი მომარჩენსო, - უთხრა ქალმა. იცოდა, წიქარას დაკვლა ბიჭს დარდით დაასნეულებდა და ბოლოს მოუღებდა.

მამა შეწუხდა ამ სიტყვების გაგონებაზე, მაგრამ რას იზამდა, ქალი რომ ლოგინიდან აღარა დგებოდა, გადაწყვიტა, დაეკლა წიქარა.

მეორე დილას ვაჟი ხედავს, მამა დანასა ლესავს.

- რად გინდა, მამა, ეგ დანა, რისთვისა ლესავო? - ჰკითხა ვაჟმა.

- წიქარა უნდა დავკლაო. - უთხრა მამამ.

დაღონდა ბიჭი, მაგრამ რა უნდა ექნა!

- წავალ, წყალს მაინც დავალევინებო, - უთხრა ბიჭმა.

წაიყვანა წიქარა წყალზე, ასმევს წყალსა და ტირის. ტირის ისე, რომ მისი ცრემლები წყალს ეწევიან.

- რა გატირებს, ჩემო მეგობარო? რაზე ითხრი თვალებს, შემოგევლოს შენი წიქარაო.

ბიჭმა მიიხედ-მოიხედა, ეგონა, მომესმაო, შეშინებული და განცვიფრებული დიდხანს გონს ვერ მოსულიყო. ბოლოს მიხვდა, რომ თავისი წიქარა ელაპარაკებოდა.

- დაკვლას გიპირებენ, დაკვლასო, - მიუგო ვაჟმა.

- ვიცი, ვიცი, ჩემო მეგობარო, მაგრამ არც შენ მოგელის კარგი დღე. წადი, წამოიღე ერთი სალესავი, ერთი სავარცხელი და ერთი ბოთლი წყალი. შემაჯექი ზურგზე და გავიპაროთო.

ვაჟმა მოიტანა ყველაფერი და მოვიდა. წიქარამ შეისვა ვაჟი ზურგზე და გაჰქუსლეს. მამა ელოდა, ელოდა და ბიჭი რომ აღარ მობრუნდა, წავიდა წყალზე. ბიჭი იქ არ დაუხვდა, აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ შვილისა და წიქარას ასავალ-დასავალი ვერ შეიტყო. დედინაცვალმა გერის დაკარგვა არად ჩააგდო, მაგრამ როცა ქმარმა უთხრა, წიქარაც თან წაუყვანიაო, ერთი წყეული ღორი ჰყავდა და ის გამოუყენა.

მირბის წიქარა, მიარბენინებს პატარა მეგობარს, მისდევს ეშვებდალესილი ღორი. ეს არის, უნდა დაეწიოს, რომ წიქარამ უთხრა ბიჭს:

- რაღას ელი, მეგობარო, სიკვდილი თვალწინ გვიდგას, გადაღვარე ბოთლი წყალიო.

გადაღვარა წყალი ბიჭმა, გაჩნდა საშინელი ზღვა. ღელავს ზღვა შავად, სიკვდილს უქადის ყველას, მაგრამ ღორი არ უდრკება ზვირთების ცემას და მიცურავს. სანამ ღორი ზღვას გადასცურავდა, წიქარამ და იმისმა მეგობრებმა კარგა გზა გაიარეს... ბოლოს გამოვიდა ღორიც. წიქარამ უთხრა ვაჟს:

- თავი მიიბრუნე, აბა, მოდის თუ არაო?

მიიბრუნა ბიჭმა თავი:

- შორს ბუზისოდენად რაღაც მორბის ან მოფრინავსო. - უთხრა წიქარას.

- ეგ ღორიაო, - მიუგო წიქარამ.

მირბის წიქარა, მიაქროლებს ბიჭს, მორბის ღორი, ცოტა კიდევ და დაეწევა წიქარას.

- გადააგდე სავარცხელიო! - შესძახა ბიჭს წიქარამ.

გადააგდო ბიჭმა სავარცხელი. უცებ ისეთი წვრილი და ხშირი ტყე აიყარა შიგ თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებდა. სჭრა ეშვებით ღორმა ტყე, სჭრა და გავიდა. მირბის წიქარა, მიაქროლებს ბიჭს. კარგა გზა გაიარეს. მოიხედა ბიჭმა, შორს ბუზივით ისევ რაღაცა მოჩანდა.

- ბუზის ტოლა რაღაცა ჩანსო, - უთხრა წიქარას.

- ღორი მოგვდევსო, - მიუგო წიქარამ.

 ცოტა კიდევ, ცოტა კიდევ და ღორი წიქარას დაეწევა, მაგრამ გადააგდებს ვაჟი სალესავს და აიმართება თვალუწვდენელი კლდე წიქარასა და ღორს შუა. სჭრის ღორი, სჭრის რაც ძალი და ღონე აქვს კლდეში საფეხურებს და ადის ზემოთ. შუა ადგილზე რომ მივიდა ღორი, დაუსხლტა ფეხი და უფსკრულში ჩაინთქა. წაიღო ჩემიცა და თქვენი ჭირიც.

ბიჭსა და წიქარას ხსნის იმედი მოეცათ. იარეს და გავიდნენ სამშვიდობოს. წიქარამ გაიყვანა ბიჭი ერთ ტრიალ მინდორზე. იქ ერთი ალვის ხე იდგა, მისი კენწერო ცასა სწვდებოდა, შესვა ზედ, მისცა ორი სალამური, ერთი საჭირვარამო, ერთი სალხინო და უთხრა:

- მე წავალ, მარტოკა ვივლი მინდვრად, ბალახს მოვძოვ და ვირჩენ თავს. შენ აქ იჯექი, თუ რამე გაგიჭირდეს, საჭირვარამო სალამური დაუკარი და მაშინვე აქ დავიბადები, თუ გილხინდეს, სალხინო სალამური დაუკარი, საჭმელსაც ის მოგიტანს და სასმელსაცაო, - გამოეთხოვა და წავიდა წიქარა.

ბიჭი იჯდა ალვის ხეზე და უკრავდა სალხინო სალამურს... გაიგონა ერთმა მეცხვარემ სალამურის ხმა, ძალიან მოეწონა და მიჰყვა ხმას, მივიდა ალვის ხესთან და ხედავს, ბიჭი სალამურს უკრავს, პეპლები კი გარს შემოხვევიან, სალამურის ხმაზე თამაშობენ და ირევიან ერთმანეთში. მეცხვარეს შურით აევსო თვალები და გადაწყვიტა, ხელთ ეგდო სალამური.

- ჩამოდი ერთი ძირს, მაჩვენე ეგ სალამური, რისგან არის გაკეთებულიო, - დაუძახა ვაჟს. მაგრამ ვაჟი არ ჩამოვიდა, წიქარას ჰქონდა ნათქვამი, ალვის ხიდან არ ჩამოხვიდეო. ადგა შურიანი მეცხვარე, წავიდა ხელმწიფესთან და მოახსენა:

- ამა და ამ ადგილას ერთი ბიჭი ზის ალვის ხეზე და ისე უკრავს სალამურს, რომ იმისი დაკვრით მთელი ქვეყანა ხარობსო.

ხელმწიფემ მაშინვე დაიბარა თავისი ნაზირ-ვეზირები და უთხრა, ან თქვენ უნდა მომგვაროთ ის ბიჭი, ან კაცი იშოვოთ იმისი მომყვანიო. ნაზირ-ვეზირებმა ერთი მოხუცი ქალი მიიყვანეს.

- მე მოგგვრით იმ ბიჭსაო, - უთხრა ხელმწიფეს დედაბერმა.

ადგა დედაბერი, წაიყვანა ერთი თხა, წაიღო სადგისი და მივიდა ალვის ხესთან. ბიჭი ზის თავისთვის ალვის ხეზე და უკრავს სალამურს. დედაბერი ალვის ხის ძირში დადგა, ამოიღო სადგისი და ჩხვლეტა დაუწყო თხას. ჩხავის საწყალი თხა. ვაჟმა რომ დაინახა, მოხუცი თხას აჩხავლებდა, დაუძახა:

- რასა შვრები, დედილო, რად აჩხავლებ მაგ თხასაო?

- დაკვლა მინდა, შვილო, და ვერ დამიკლავს, იმდენი სიკეთე მიყავი, ჩამოდი და დამიკალიო.

ბიჭი რას მოიფიქრებდა, რომ მოხუცს ღალატი ედო გულში. ჩავიდა ძირს. დედაბერმა რაღაც ჯადოთი გააბრუა და დააძინა. ასწიეს და წაიყვანეს მძინარე ბიჭი ხელმწიფის კაცებმა და ჩასვეს ცხრაკლიტულში. ბიჭს გამოეღვიძა, ხედავს დატყვევებულია. დაღონდა, დაიწყო ტირილი, ინატრა თავისი სალამურები, მაგრამ მისი სალამურები ალვის ხეზე ეყარნენ ოხრად დარჩენილები. ბიჭი ფანჯარასთან დაჯდა და ცას მიაცქერდა. ამ დროს ცხრაკლიტულს ყვავმა ჩამოუფრინა, დაინახა ვაჟმა და შესძახა:

- ყვავო, ყვავო, სად მიფრინავ, სად მიგეჩქარება? წადი შენი შვილების მზესა, მინდორში რომ ალვის ხე დგას, ზედ ჩემი სალამურებია და აქ მომიტანეო!

- მე რომ ლეშსა ვჭამდი და შენ ქვებს მესროდი, აღარ გახსოვსო? - უპასუხა ყვავმა და გაუდგა გზას. გააყოლა თვალი ბიჭმა და ჩამოყარა ცრემლები.

გადმოიფრინა ბეღურამ.

- ჩიტო, ჩიტო, შენი ბარტყების გაზრდასა, მინდორში ალვის ხეზე სალამურები დამრჩა და მომიტანეო!

- შენ რომ მახეს გვიგებდი და ბუდეს გვიშლიდი? ვერა, მე ვერ მოგიტან, სხვასა სთხოვეო, - უთხრა ბეღურამ და გასცილდა. გააყოლა იმასაც თვალი ბიჭმა და ჩამოსცვივდა ცრემლები. ბოლოს მერცხალი დაინახა ბიჭმა და შესტირა:

საით მიფრინავ, მერცხალო,

საითკენ მიეშურები?

მინდორთ რომ ალვის ხე ხარობს,

ცივნი წყარონიც დიანო,

პეპლებიც იქა სხდებიან,

ტურფად ჭრელ მხრებსა შლიანო,

შეიყრებიან ჩიტები,

ყვავილნი შეკრბებიანო,

წიქარაც იმათთან მოდის,

იქ დაინახავ, ღვთიანო!

სალამურევიც იქ არის,

უჩემოდ დალპებიანო...

გაფრინდი, აქ მომიტანე,

ჩემო ლამაზო მხრიანო.

გაფრინდა მერცხალი და მოუტანა სალამურები. დაუკრა საჭირვარამო სალამური ვაჟმა, დაუკრა და აატირა. წიქარამ გაიგონა თუ არა სალამურის ხმა, მაშინვე გაეშურა ვაჟისკენ. გააფთრებული ეცა რქებით ცხრაკლიტულს და დაუწყო მტვრევა. რვა კარი გატეხა, მაგრამ მეცხრე კარი რომ უნდა გაეტეხა, ცალი რქა მოსტყდა! დაღონდა წიქარა, თავის რქას ისე არ ჩიოდა, როგორც მეგობრის ტყვეობას. ღმერთს რქა შესთხოვა, უცებ ერთი თაგვი გამოძვრა და წიქარას უთხრა:

- რას მომცემ, რქა რომ მოგაბა, შენს ლეშს ხომ მაჭმევო?

- გაჭმევო, - უთხრა წიქარამ.

თაგვმა გაუმრთელა რქა, ეცა წიქარა და შელეწა მეცხრე კარიც, შევიდა ბიჭთან, შეისვა ზურგზე მეგობარი და გაეშურა ალვის ხისაკენ. შესვა წიქარამ ბიჭი ალვის ხეზე და თავად ისევ მინდორში წავიდა.

იჯდა ბიჭი ალვის ხეზე, უკრავდა სალხინო სალამურს და ერთობოდა. უცებ წიქარა მოაგონდა და ნახვა მოუნდა. დაუკრა საჭირვარამო სალამური, მაგრამ წიქარა არ გამოჩნდა. რაღას იზამდა, წამოვიდა საძებნელად. ბევრი ეძება, ბოლოს ერთ კორდზე მკვდარი იპოვა. დაემხო ბიჭი წიქარას და ატირდა. ისე გულსაკლავად ტიროდა, რომ მისი ცოდვით ბალახნიც ტიროდნენ, აღარ ირხეოდნენ, პეპლები აღარ ფრინავდნენ და ცრემლსა ღვრიდნენ.

- ვაიმე, ჩემო წიქარა, - მოსთქვამდა ბიჭი, - უშენოდ ახლა რაღა მეშველებაო.

ამ დროს საიდანღაც ის თაგვი გამოძვრა, წიქარას რომ რქა გაუმთელა, წიქარას ლეშის საჭმელად მოსულიყო თურმე. რომ დაინახა ბიჭი ასე საცოდავად ტიროდა, უთხრა:

- რას მომცემ, წიქარა რომ გაგიცოცხლოო, შენს ლეშს ხომ მაჭმევო?

- ოღონდ კი ჩემი წიქარა გააცოცხლე და გაჭმევო, - უთხრა ბიჭმა.

გაიქცა თაგვი, იქვე მიკრიფ_მოკრიფა რაღაც ბალახი, მოარბენინა, წიქარას წაუსვ_წამოუსვა და გააცოცხლა. მოეხვია ბიჭი ხარს, ეალერსება, თვალებს უკოცნის, წიქარაც პირს უთათუნებს ბიჭსა და ლოკავს.

- აბა, გეყოფათ, - უთხრა თაგვმა ბიჭს, - მე უკვე კარგად მომშივდა, შენი სიკვდილის დროაო.

გაიქცა თაგვი, მოკრიფა სასიკვდილო ბალახი, მოიტანა და ბიჭს გაუწოდა. ბიჭს არ ეთმობოდა წიქარა, მაგრამ პირობა ხომ უნდა შეესრულებინა და თავისი მეგობრისათვის მომკვდარიყო!

ის იყო ბიჭი უნდა შეხებოდა ბალახს, რომ თაგვმა უთხრა:

- მიპატიებია სიკვდილი, თქვენნაირი მეგობრები ჩემს დღეში არ მინახავს! იცოცხლეთ მარადო! - ბიჭი გონს ვერ მოსულიყო, რომ თაგვი გაქრა.

გახარებულმა წიქარამ შეისვა თავისი მეგობარი ზურგზე, წამოიღო სალამურები, გააქროლა ბიჭი ახლა სხვა ადგილას, სხვა მხარეში, სადაც არც შურიანი მეცხვარე იყო და არც კუდიანი დედაბერი, შესვა ერთ ალვის ხეზე და მისცა სალამურები, თვითონ კი მინდორში წავიდა. ბიჭი ახლაც იმ ალვის ხეზე ზის, უკრავს სალხინო სალამურს, თვითონაც ხარობს და მთელ ქვეყანასაც ახარებს. როცა წიქარას ნახვა მოუნდება, დაუკრავს საჭირვარამო სალამურს და წიქარაც მაშინვე იმასთან გაჩნდება ხოლმე.
კატეგორია: ელ. წიგნები | ნანახია: 2019 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი