• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » გერი და დედინაცვალი (ზღაპარი)
1:48 PM
გერი და დედინაცვალი (ზღაპარი)
იყო და არა იყო რა, იყო ცოლ-ქმარი და ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდათ. როცა დაიბადა, დედ-მამა სიხარულით ცას ეწია და მზისა დაარქვეს — ნათელს, სითბოსა და სიყვარულს არ მოგვაკლებსო, მაგრამ ყოველთვის მზეთუნახავები და ღვთისნიერები ზღაპარშიაც არ იბადებიან. მზისა ძალიან შეუხედავი, გონჯი მოევლინა ქვეყანას. მის ყოლას ბარემ არყოლა სჯობდა, მაგრამ შვილი რომელ მშობელს მოუძულებია?!
იზრდებოდა, მაგრამ მიწის სამძიმარი იზრდებოდა: მჩხავანა, წუნკალი, ყიამყრალი; მეზობლის გოგონებს რომ თმით დაითრევდა, სანამ არ გაბდღვნიდა, ხელიდან ვერ გამოგლეჯდნენ. ბიჭებსაც კი არ ეპუებოდა, აკლებული ჰყავდა კუთხე-მეზობელი. გაუგონარი, უქნარა და დოყლაპია იყო.
იმისთანა მცონარა — ცხელი პურით რომ ხელი დაეწვა, მეორეში გადატანა დაეზარებოდა. კერიას მიფიცხებულს, წვივები რომ დასწვოდა, უკან არ დაიხევდა. კვირა ისე გაივლიდა, პირზე პეშვ წყალს არ შეისხამდა.
მზისა დაარქვეს და მაინც მზისა ერქვა!
დედამისს, რაც მზისა გაჩნდა, თვალზე ცრემლი არ შეშრობია და მამამისს წარბი არ გახსნია. შრომობდნენ საწყლები, წელებზე ფეხს იდგამდნენ, მაგრამ არაფერს მათ ოჯახში ხვავი და ბარაქა არ ჰქონდა. შვილი ჭამდა და ჭამდა, ყბებს არ აჩერებდა და ყვავის ბახალასავით პირდაბჩენილი ჩხაოდა:
— მშია, მშია, თქვე გასაწყვეტლებო, შიმშილით მკლავთო!
ამისთანას მაყურებელ დედას რა აცოცხლებდა. გაუსკდა ერთ დღეს გული და გამოეთხოვა შვილსაც, ქმარსა და წუთისოფელსაც.
ხომ არ გგონიათ მზისა მამას მხარში ამოუდგა, დედა არა მყავსო და ხელი გამოიღო. კიდევ უფრო გაანჩხლდა, გაკაპასდა და გაზარმაცდა.
მამამ იფიქრა, იდარდა, ითავცემა და გადაწყვიტა: ასეთი შვილისთვის ახია დედინაცვალი, ავდგები და მეორე ცოლს შევირთავო.
დედინაცვალს თავისი შვილიც მოჰყვა, ასე, მზისას ტოლი, სახელად მთვარისა. მთვარისა მთვარით გაჩახჩახებულ შუაღამისას დაბადებულა. მამამისს უთქვამს: „რა ვუყოთ, რომ გოგოა, გოგოც შვილიაო". ძველი, დაჟანგული ფილთა თოფი გამოუტანია. სიხარულზე შეშლია და ლულაში ერთი დრამი წამლის მაგიერ ორი ჩაუყრია, ზუმბით დაუტენია და დაუსხლეტია ჩახმახი. იცოცხლე, უგრიალია ფილთას, მაგრამ ორმაგად დატენილი ფილთა გახეთქილა, თქვენი ჭირი წაუღია და პატრონიც თან გაუყოლებია.
მთვარისა, მზესავით არადა, მთვარესავით სევდიანი და პირმშვენიერი კი იყო. უწყინარი და კეთილი. ისეთი კეთილი, ჩიტები მხრებზე ასხდებოდნენ და ცხოველები ხელებს ულოკავდნენ.
დაიდეს თუ არა ერთად ბინა, მზისას მამამ ხომ იცოდა რა შვილის პატრონიც იყო და, გააფრთხილა: თუ დედინაცვალ-გერისთვის რაიმე გიწყენინებია, სახლში არ დამხვდეო. თავი იქედნურად დაუქნია და როგორც კი მამა სამუშაოდ წავიდა და დედინაცვალიც გაიგულა, იმ საწყალ, ალალ გოგოს ებდღვნა და ბღუჯა-ბღუჯა დააგლიჯა მართლაც მთვარის სხივებივით ნაზი, ჩალისფერი თმა.
ატირდა საწყალი უხმოდ, უსიტყვოდ, მაგრამ დედა დაბრუნდა თუ არა, მაშინვე ცრემლები გადაყლაპა და ღიმილით შეხვდა, — ჩემ გამო უსიამოვნება არ მოხდეს, ოჯახი არ აირიოსო. საქმეზე რომ ვყოფილიყავი წასული, ხომ ვერ მომწვდებოდა და ეს ამბავიც არ მოხდებოდაო. ამის მერე საბრალო გოგო ხან წყაროზე გარბოდა, ხან ტყეში — ფიჩხის მოსატანად, ხან წისქვილში — მხარზე საფქვავმოგდებული, ხან ყანაში — მამინაცვალთან სადილიანი კალათით. გზაში იყო, ტყეში, მინდორში თუ ყანაში, რაიმე მიჰქონდა თუ მოჰქონდა, ჩიტები ჟივილ-ხივილით თავს დასტრიალებდნენ და ტვირთზეც კი ასხდებოდნენ, ამძიმებდნენ კიდეც, მაგრამ ისეთი კეთილი იყო, ხელს არ აუქნევდა.
დაბრუნდებოდა გვიან დაღლილი, დაქანცული კაცი და დედინაცვალი გერს აქებდა:
— ეს რა ქალიშვილი გყოლია, ეს რა ღვთისნიერი და საქმიანი. ცოდვა არაა, ამას დედამისი არ უყურებდეს და მე ღმერთგამწყრალი თვალში ვიხედებოდეო?
მამა გადახედავდა ტახტზე გაგორებულ მზისას და თავს გადააქნევდა.
— ეტყობა, ძალიან დაქანცულა... ვიცი, საქმეს გულს ვერ მოსწყვეტდაო.
— მთელი დღე მუხლი არ ჩაუხრია, ხელი არ გაუჩერებია, დაღლილია, შვილო, ჩემი გომბიოსავით გულხელდაკრეფილი კი არ ზის. ჰა, შე უქნარა! — თავის ქალიშვილს შეუცაცხანებდა, — ეს მატყლი მაინც გაჩეჩე, დაართე და დაიასა და მამინაცვალს წინდები მოუქსოვეო.
იჯდა მუყაითი მთვარისა, მთელი ღამე ჩეჩავდა, ართავდა და ქსოვდა. ერთ დილას რომ მზისას ეწყო ახალთახალი, ჭრელ-ჭრელი წინდები სასთუმალთან, მეორე დილით — მამინაცვალს.
დედინაცვალი მაინც გერს აქებდა: მთელი დღე მზისას საქნარს რომ უყურებს, ამ ჩემმა უნდილმაც ხელი გამოიღოო.
— კი მაგრამ, გუშინ ყანაში სადილი ხომ შენმა ქალიშვილმა ჩამომიტანა, რაც ცოლი მომიკვდა, მას მერე რომ არ მღირსებიაო? — არ დაიჯერა კაცმა.
— წისქვილი, ტყე, შეშა, ცეცხლი, გაკეთება და დამზადება თქვი, თორემ მერე წამოღებას რაღა უნდოდა, ეგ რა სახსენებელიაო! — იწყინა დედინაცვალმა.
— ჩემმა ქალიშვილმა, წისქვილი საითაა, ისიც რომ არ იცისო!
— წისქვილის გზა კი არა, მიწაში რაა, ის იცის! — გაანჩხლდა დედინაცვალი, — მაგისთანა ჭკვიანი და გონიერი ჩემს თვალებს არაფერი უნახავსო!
— ტყეში წასვლა კი არა, სახლში მოტანილი და კერიასთან დაყრილი შეშის ცეცხლზე დადება ეზარებოდაო.
— მანამდე, ალბათ, დედის ჯავრზე იყო. გუშინ, მოუკვდა ჩემი თავი, იმოდენა ფიჩხის კონა მოიტანა, გული ამიტირდა, რას იტყვის ხალხი, დედინაცვალი აიძულებს, გერი არ ეზოგებაო.
დაეჭვდა მამა: რა ვიცი, იქნება მომხედა უფალმა, ჩემს სიქვრივესა და უბედურებას ბოლო მოეღოსო. მაგრამ თავი მაინც ურწმუნოდ გადააქნია და მხარზე თოხგადებულმა ყანისკნ გასწია.
მთელი დღე გიზგიზებს ცეცხლი და დედინაცვალი აცხობს და ხარშავს, რომ როგორმე გერი მოპიროს, სადილი ქმარს ყანაში გაუგზავნოს და საღამოს ვახშამი დაახვედროს. შეშა ღამითაც უნდათ, მთვარისამ თუ არ გაინათა და ხელი არ გადაითბო, როგორ ჩეჩოს და ართას, ძახოს და ქსოვოს.
ერთ დღეს მთვარისა, ჩვეულებისამებრ, ტყეში ფიჩხს რომ აგროვებდა, უეცრად ატყდა, მაგრამ რა ატყდა! ისეთი ბუკი და ნაღარა დასცეს, რომ გაყრუვდა ტყე და მდელო. შეიქნა ძაღლების ყეფა-გნიასი. ჩაჰბერეს საყვირს და ღოროტოტოს, ყურთასმენა აღარაა. იცოცხლე, შეშინებული გამოიქცა, მაგრამ საით გაიქცევი, ყოველი მხრიდან აურზაურია.
იქით მიასკდა, აქეთ მოასკდა და აგერ, ხასხასა მწვანე მდელოზე, ღმერთო ჩემო, ამხედრებული უფლისწული არ გამოეცხადა! ცხენია!.. უკეთესს თვალი რას ნახავს, ოქრო-ვერცხლითაა შემკულ-მოსევადებული ლაგამ-სამკერდულ-მოსართავ-უნაგირი. თვითონ მხედარს თვალი ვერ გაუსწორა, დამფრთხალი ისე გამორბის, მაგრამ რამდენიც ეცადა, ადევნებული ცხენის ფეხის ხმას თავი მაინც ვერ დააღწია.
ეზოს ღობეს გადაევლო, შევარდა სახლში და მზისამ რომ ხელცარიელი დაინახა, თმაში სწვდა — გაბდღვნა მოუნდომა. გულამოგლეჯილმა გოგომ: ვიღაც მომდევდა და იმის შიშითაა, რომ შეშა ვერ მოვიტანეო. დედამაც ერთი წაუქინჩურა და გარეთ გაიხედა... გაიხედა და თვითონაც გახევდა!.. ღობეს თეთრი, ღრუბელივით თეთრი რაში მოსდგომია და ოქროს ლაგამს ხრავს. შეხედა მხედარს — რას ხედავს: ზღაპრად არ გაუგონია ამისთანა თვალტანადი უფლისწული!
მზისას გაუკვირდა, დედინაცვალი აივანზე რამ გააშეშაო. კი დაეზარა, მაგრამ ცალი თვალით გარეთ მაინც გაიჭვრიტა. არასოდეს რომ არ დამართნია, ის დაემართა. ცალი თვალით დანახული უფლისწული მაშინვე ისე შეუყვარდა, გონმიხდილი, იქვე, სოხანეზე დაეცა.
რეტდასხმული დედინაცვალი სტუმარს გაეგება:
— მართლა უფლისწული ხარ, ბატონოო?.. — ეს ძლივს აღმოხდა, თავი რამ სიზმარში ეგონა.
— ამდენ ხანს კი ვიყავი, მაგრამ აწი იმ ქალიშვილის დამნახავს რა დამერქმევა, აღარ ვიციო.
— უი, ბატონო იმ გასაქრობმა რაიმე უკადრისი ხომ არ გაკადრათ და გაწყენინათო?!
— ნეტავი, თუნდაც ეწყენინებინა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდაო, — მკვდრისფერი ადევს უფლისწულს, ისეა სიყვარულით გათანგული.
— რომ არ ვიცი, მე ბედგამწყრალმა, რით გემსახუროთო... — ცხენის ფეხებში აპირებდა ქალი ჩავარდნას.
— თქვენს ჭირს მიწაზე არ დავაგდებ, ოღონდ ეს მითხარი, ტყეში რომ გოგოს შევხვდი, თქვენი რაა და ვინააო.
„ვაიმე, დავიღუპე, უფლისწულს ჩემი ქალიშვილი გულში არ ჰყავდეს ჩავარდნილი, სასწაული რომ მოხდეს და მართლა ცოლად ინდომოს, მერე მზისა უკეთესს ვიღას მივათხოვო, ხომ იტყვის ქვეყანა — თავისი შვილი გაადედოფლა, გერი არ ენაღვლებოდაო".
— რა ვქნა, ბატონო, ვერ მოგატყუებ, ჩემი შვილი არააო, — არადა, მოიტყუა.
— აგერ, ჩემ თვალწინ, თქვენს სახლში შემოვარდაო.
— უი, მომიკვდეს თავი, იგი ჩემი გერი იქნებოდაო!
— არ ვიცი. გერია, შვილი თუ ნაშვილები. ჩემი ბედია და სანამ თანხმობას არ მომცემთ და ქორწილის დღეს არ დამითქვამთ, აქედან არც მე და არც ჩემი რაში ფეხის მომცვლელი არა ვართო. ამ დროს ჭიშკარს მეფისწულის ამალაც მოაწყდა.
— უიმე, ბატონო, ჩემი გონჯი გერი რა შენი ღირსია, რავალი ხუმრობა გყვარებიათო?! — ვითომ არ ეტყობოდა უფლისწულს ხუმრობის გუნებაზე იყო თუ არა.
— ნებით არ გამატანთ, ძალით მოვიტაცებ და წავიყვანო! — ისე დაბეჯითებით თქვა უფლისწულმა, დედინაცვალი მიხვდა, მისი სიტყვა და საქმე ერთი იყო.
— ერთხანს მაინც გვადროვე, შენი მუხლ-კალთის ჭირიმეო! — შეევედრა.
— ცხრა დღის ვადა მომიციაო! — შეაბრუნა რაში, ჰკრა დეზი, გაიყოლა ამალა და თვალსა და ხელს შუა გაქრა.
რა გინდა, ახლა, რომ ქნა! კი ხარ კარგი, უკეთილშობილესი, ზღაპრად გაუგონარი დედინაცვალი, მაგრამ მზისას ამ ცხრა დღეში რა უნდა მოუხერხო. ცხრა დღე კი არა, ცხრა წელიწადი რომ ირმისა და ჯიხვის რძეში აბანაო, მეღორე საღორეში არ შეუშვებს.
ძლივს შელასლასდა სახლში სვეგამწარებული დედინაცვალი. აგერ, გერი აგდია სოხანეზე და ხელ-ფეხს ასავსავებს:
— თქვე გასაწყვეტლებო! უფლისწული მიყვარს და უნდა მიმათხოვოთ, თორემ სახლს ცეცხლს წავუკიდებ და შიგ ცოცხლად გამოგწვავთო!
ყოველ გლახას რომ თვალი მშვენიერზე რჩება და ყოველი უქნარა თვალს სხვის ნაშრომ-ნაამაგარს უპრაწავს!..
— მე რავა დაგიშლი, შვილო, მაგრამ უფლისწულს ეს ჩემი გომბიო დაუნახავს და რომ არ ვიცი, რა ვიღონოო,— ატირდა დედინაცვალი, მისი ცრემლები მდინარეს ერთვის. არადა, ვერც ეს უთხრა: შენ რომ დაგინახოს, შეგირთავს კი არა, ქალის სახელს აღარ ახსენებსო.
დაბრუნდა საღამოს დაღლილი ქმარი. იმ დღეს მისი სადილის თავი ვიღას ჰქონდა, ნაშრომი და ნაშიმშილევი წაქცევაზეა. თვალებდასივებულ ცოლს დაცინვით უთხრა:
— დღეს შენი გერი შეუძლოდ ხომ არ იყო, რომ სადილი ვერ გამიმზადაო?
— მანამდე არაფერი ჭამა თქვენმა კბილებმა, სანამ მე თქვენი სადილ-ვახშამი არ ვამზადოო! — აკაპასდა მზისა.
— შვილო, ნუ გაგულისდები, ვაითუ, უფლისწულს აღარ მოეწონო, არ დავიღუპოთო! — შეიცხადა დედინაცვალმა.
— რომელ უფლისწულზეა ლაპარაკი, ჯოჯოხეთის მაშხალაზე ხომ არაო? — იკითხა გაჯავრებულმა მამამ.
— ჩუ, კაცო, არავინ გაიგონოს! მეფისწულს დაუნახავს ტყეში, ფიჩხს რომ აგროვებდა და ცხრა დღის ვადა მოგვცა, თუ არ გამატანთ, ძალით მოვიტაცებ და დედოფლად დავისვამო.
— დიდძალი ჯარი წამოიყვანოს, ცოტას არ დავნებდები... — აიტეხა სიცილი ამ დაღლილ-დაქანცულმა კაცმა, კინაღამ გული შეუღონდა.
— შენ იცინი და მე თავი რომელ ხეზე ჩამოვიხრჩო, არ ვიცი! — დაიხოკა სახე დედინაცვალმა, — ცხრა დღე გვიბრძანა, ცხრა დღეში რას გავხდეთ?
— ქალო, შენ და შენი შვილი ჭკვიანი მეგონეთ, ამ ჩემმა მაიმახმა თქვენც გადაგრიათო?!
— რომ გეუბნები, რატომ არ გეყურება, ცხრა დღეში მეფე, დედოფალი, უფლისწული და მთელი სამეფო დარბაზი კარზე მოგვადგებაო!
— მაგენი კი მოგვადგებიან და იქნებ ჩვენც უარი ვერ ვაკადროთ, მაგრამ ეს ჩემი „მზეთუნახავი" ქალიშვილი თუ წაჰყვებაო? — საწყალს ისევ სიმწრის სიცილი აუტყდა.
— კი, კი, კი, თქვენ გაწყდით, გადაშენდით და გადაბარსალდით! მიყვარს უფლისწული და რა ვქნა, უნდა მივთხოვდეო! — აძრახდა მზისა.
— ეს თანახმა ყოფილა და რაღა გადარდებსო, — იცინის საწყალი მამა, ქვას რომ აატირებს, ისეთი სიცილით.
— უყვარს, შე კაცო, და რა ქნას. რაღაც მოვიფიქროთ, უდედოა, უსიყვარულოდაც რომ დაგვრჩეს, დაგვეჩაგრებაო!
— იქნება უფლისწულის მაგიერ რომელიმე სეფეწულზე დათანხმდესო?..
— არა, არა, არა და არა!.. — დაუშინა ბლაგვი ფეხები მზისამ ტახტს.
— რას ამბობ, კაცოო! — გაანჩხლდა დედინაცვალი, — უფლისწული უყვარს და სეფეწულს რა თავში იხლის, რაღაცა გვირჩიეო!
— ქალო, შენ მართლა რჩევას მთხოვო! — გადაირია ქმარი, წამოუსვა ნაჯახს ხელი, — აქედან გამეცალე, სანამ ორად არ გამიჩეხიხარ! სოფლის ბოლოს, ტყეში რომ კუდიანი, სამასი წლის მათუსალაა, წადი და რჩევა-დარიგებას ის მოგცემსო! — და გარეთ გამოაგდო. მთვარისა ძალიან დაენანა, მაგრამ ქალიშვილი დედას გაჰყვა, აბა, რა ექნა.
— შენმა მამინაცვალმა ვინ კუდიანი მათუსალა ახსენაო? — ჰკითხა ლაფაროში აძიგძიგებულმა ქალმა შვილს.
— დედა, იმ მათუსალასი ყველას ეშინია, სადაც ის ცხოვრობს, იმ მხარეზე არავინ იხედებაო.
— ის თუ იცი, სად სახლობსო?
— ტყეში, ფიჩხის შესაგროვებლად რომ დავდივარ, შორიდან დამინახავსო.
— წავიდეთ, შვილო, რაც გვჭირს, ამაზე უარესს რას დაგვმართებსო.
გასცდნენ სოფელს. შიშით გულგახეთქილები მიადგნენ უღრან ტყეს. ასწლოვან ვეება ხეებს სურო და ეკალბარდი რომ კენწერომდე აჰყოლია და ტოტები ყვავ-ყორნებითაა დახუნძლული, თურმე, ამ თვალშეუღწეველი ბურდების შიგნით მათუსალას ეზო ყოფილა.
უარეს, უარეს, ვერსად ჭიშკარი ვერ უნახეს.
მათუსალასთან, თურმე, რა ხანია არავინ დადის და არც ჭიშკარი სჭირდება და არც ალაგე. თვითონ კი, როცა მოესურვება, შეჯდება ცოცხზე, შეულოცავს, აფრინდება და ცის თავანზე დააფრიალებს გრძელ, ფრთებივით ათრეულ შავი ატლასის კაბას. ხან კუდიან ვარსკვლავებს დასდევს, ხან ახალ მთვარეზე შემოჯდება და აქანავებს, ხან ღრუბლებში გორაობს. ზეცა რომ მოსწყინდება, დაეშვება და სოფელში, სახლების საკვამურებში ჩაყოფს თავს. ან ტყეში ცოცხიდან მგელზე გადაჯდება და მოაჯადოებს:
მგელო, მგელო,
პირდაუბანელო,
თუ არ გინდა, აგაჭრელო,
ტყე-ტყე უნდა გამაჭენო!
მგელზე ამხედრებული დილამდე დაშლიგინებს უსიერში. ინათებს თუ არა, კვლავ ცოცხზე გადამჯდარი თავისი დახავსებული, ბურულიანი სახლის საკვამურში შეფრინდება.
მათუსალამ, ის იყო, ცოცხი ლაჯებში მოიქცია და ჯადოსნური შელოცვა უნდა დაეწყო, რომ ხმა მოესმა:
— მაინძელო, მაინძელოო!
— ქალბატონო მათუსალა, ქალბატონოო!..
„ქალბატონო" ესიამოვნა, მაგრამ... — ჩემთან დღისითაც არავინ დადის, ამ შუაღამეზე ვინ უნდა იყოსო, — ცოცხი მიაგდო და გარეთ გაიხედა.
დედა-შვილმა მოილაპარაკა: „სტუმარი ღვთისააო" რომ ვუთხრათ, რომელი ღვთისნიერი ეს კუდიანია, ამას საქმე ეშმაკებთან აქვსო და გასძახეს:
— სტუმარი ეშმაკისაა, უნდა გვისტუმროთო!
გადაირია სიხარულით მათუსალა და გაეგება. წინა ღამით ვეება გარეულ ღორს რკოსათვის ეკალბარდის ღობე გაერღვია და იმ ტახის საძრომიდან მიიწვია სტუმრები.
ძველისძველ ქოხში კერიაზე მწვანე ცეცხლი ენთო. მასპინძელმა ხმელი ხვლიკები და გველის ნაპერანგალები რომ დააყარა, იქაურობა წითლად გაჩახჩახდა. მოირთხა ფეხი მგლის ტყავებით მოფენილ სოხანეზე მათუსალამ. ყვავის ბუნდღით გატენილი ბალიშები სტუმრებს დაუწყო.
— რით გცეთ პატივი, ყვავის წვნიანს მიირთმევთ, კეცსა და კეცს შუა შემწვარ ყორანს თუ ჭოტის ჩახოხბილი გირჩევნიათო?
— გმადლობთ... ახლახან გეახელით... სხვა გასაჭირმა მოგვიყვანა. შენი ეშმაკისნიერი ხასიათი რომ ვიცით, გვჯერა, დაგვეხმარებიო.
— თუ რაიმე შემიძლია... — დაიმდაბლა თავი მათუსალამ.
— თქვენ რომ არ შეგიძლიათ, ისეთი ქვესკნელშიც არაფერია.
— მზად ვარ თქვენი და ტარტაროზის სამსახურადო, — გაიბადრა კუდიანი და უკბილო პირი რომ საღიმილოდ მოაღო, მაშინღა ააშორა ცხვირი ნიკაპს.
— ჩვენ თუ არა, სამაგიეროს მავნე და მაღვალაკი გადაგიხდითო.
— აბა, რამ დაგიბნელათ, რა გაგჭირვებიათო?
— უნდა გვიშველო, ქალბატონო მათუსალა, სილამაზის წყარო უნდა მიგვასწავლოო.
აიტეხა სიცილი მათუსალამ, ფეხით დაკიდებული თხასავით აკიკინდა:
— სილამაზის წყარო რომ ჭენჭყოს წყალივით ხელმისაწვდომი იყოს, ქვეყანა ასე კი არ დამახინჯდებოდა. ან, როგორ გგონიათ, ამ სიბერეში მეც არ მაწყენდა, ეს ცხვირი რომ მეზრდება და მეზრდებაო...
— პირიქით, რაც გამორჩეული და განუმეორებელია, ალბათ, მშვენიერიც ესააო, — არ დაიბნენ სტუმრები.
— ჰო, გამორჩეული კია... — მუჭით მოიხოცა მტკავლიანი ცხვირი მათუსალამ და ატლასის კაბაზე შეიწმინდა.
— სილამაზის წყალი...
— ქალო, ხომ გითხარი... მაგი ღვარის წყალი კი არაა! გველეშაპი დარაჯობს. თანაც, ის უწმინდური, ჩემსავით იჯრას ყვავზე და ყორანზე კი არ გადადის! ერთი პეშვი წყლის ფასად ადამიანის მსხვერპლს ითხოვს და ყლაპავს. მაგრამ წყალია!.. პირისახეზე ერთი შესხმა კმარა, ჯოჯო მზეთუნახავად იქცევა!
— ხომ შეიძლება განწირულმა წყალი სხვისთვის გამოიყენოს?
— მაგას ვინ იზამს, სხვისთვის თავს ვინ გაიმეტებს? სილამაზე და ბედნიერება ყველას თავისთვის უნდა!
— კი, მაგრამ არც შვილისთვის?
— აღარც შვილისთვის... ჩემს ყმაწვილქალობაში, ძლივს მახსოვს, თითო-ოროლა მაგნაირი ამბავი რომ ხდებოდა და მზეთუნახავებიც ამიტომ იყვნენ. ახლა საღებავებითა და მალამოებით თითხნიან ქალიშვილებს, სილამაზის წყალი ვიღას სჭირდება?!
— ქალბატონო მათუსალა, რამდენი დღის სავალზე იქნება?
— შორს, ცხრა მთას იქით... ცხრა დღე იქით უნდა იარო და ცხრა აქეთ.
— აბა, ჩვენ ისედაც გვაგვიანდება და გზაზე უნდა დაგვაყენო.
— ქალო, შენ შენთვის თუ არ გინდა, ამ შენს ქალიშვილს რა ჭირს გასალამაზებელი, მთვარესავითაა.
— შვილი, ულამაზოცა და ლამაზიც, შვილია, გერისთვის მინდა.
— ვისთვის?!
— გერისთვის...
— დიდუ! — შეიცხადა მათუსალამ, — იმ შენს გერს თქვენი სახლის საკვამურიდან რომ დავინახავ, იმ ღამით ძილის მეშინია, სიზმარში არ მომეჩვენოს. მაგრამ გერისთვის დედინაცვალი სილამაზის წყალს ეძებდეს, სამას წელს კი აღარაფერი მიკლია და, მაგი სინამდვილეში კი არა, ზღაპარშიც არ გამიგონია!
— ქალბატონო მათუსალა, გზას თუ გვასწავლი...
— გზა სადაა, ამ უღრან ტყეს უნდა დაადგეთ და ერთ მთას რომ აივლით, მეორე გამოჩნდება, მეორეს თუ მიაღწევთ, მესამე...
დაადგა დედა-შვილი გზას და მიდიან. მაგრამ ამ უსიერში გზის გაგნება არ გინდა? ისიც ბნელში! არადა, ღამითაც თუ არ იარე, ცხრა დღე მარტო იქითობასაა საჭირო. სილამაზის წყაროსთან რომ მიხვალ, უფლისწული თუ აქ, სახლში მოგადგა, პასუხს ვინ მისცემს?
მიდიან და მიდიან. შემოეხათ ტანზე სამოსი და თან გაუვალ ეკალბარდებში გზაც არა ჩანს. აბა, აქეთ ეცნენ, იქით მიაწყდნენ და მშიერ მგელს გადაეყარნენ!
მგელმა იფიქრა, ორივეს ერთად მაინც ვერ შევჭამ, რატომ ვაწყენინო, არჩევანი თვითონ გააკეთონო:
— დედა უწინ შეგჭამო თუ შვილიო?
— არა გვაქვს მაგის დრო, ნუ გვაგვიანებო! — გაანჩხლდა დედა.
— უი, ღმერთო მომკალი, თუ მოუცლელები იყავით, არ მეგონაო!... — გაეცინა მგელს.
— კი, ასეა ჩვენი საქმე, სილამაზის წყაროზე მივდივართ, მე გველეშაპს უნდა შევეჭმევინო, ამ ჩემმა ქალიშვილმა წყალი უნდა წამოიღოს, ჩემს გერს პირი დაჰბანოს, რომ მზეთუნახავად იქცეს და უფლისწულმა ცოლად შეირთოს...
მგელს გაკვირვებისაგან ჭამის მადა სულ დაეკარგა.
— ეს რა მეყურება, დედინაცვალი გველეშაპს ეჭმევინები, რომ გერისთვის სილამაზის წყალი იშოვო და მეფისწულს შერთოო?!
— აბა, ამას ჩემი შვილისთვის ხომ არ გავაკეთებ, სიცოცხლე მართლა კი არ მომძულებია!
— ეს რა გავიგონე! ალბათ, მადა აღარ დამიბრუნდებაო! — აყმუვლდა მგელი.
— რა დროს ჭამა-სმაა! — გაკაპასდა დედა, — ამ ტყე-ღრეში დაძრწიხარ, გზა-კვალი გეცოდინება, გაგვიძეხი, ცხრა მთას იქით მიგვასწავლე, თორემ ჩემი გერი რომ უუფლისწულოდ დარჩეს, შეჭმა შენი მე მკითხეო!
შეეშინდა მგელს, დედინაცვალი რომ გერისთვის ამას ჩაიდენს, იმას მგლის შეჭმა მართლა არ გაუჭირდებაო. გაუძღვა და დაადგნენ გზას. იარეს, სანამ მგელმა ამ ტევრში, ხევხუვებში და ღრანტეებში ბილიკები იცოდა. დღე-ნახევარში სამი მთა გადაატარა და მშიერ-მწყურვალი დაეცა.
მგლის ლოლიავის თავი ვიღას ჰქონდა: დედა-შვილი მეოთხე მთას შეუდგა. წინ უარესი უსიერია. იარეს უგზო-უკვლოდ, სისხლი გასდით კოჭებში. დაღამდა. დღე არაფერი ჩანდა, ბნელში რაღა იქნებოდა. სადღაც, ვეება ორმოში ჩაცვივდნენ და პირდაპირ მძინარე დათვს დაეცნენ თავზე.
გაეღვიძა დათვს და რას ხედავს — დედა-შვილი ჩავარდნია ბუნაგში. გაუხარდა: ამათ ნელ-ნელა გამოვიზოგავ, ერთხანს თავს გავიტანო.
— გვაგვიანდება, უნდა გვიშველოო! — შეეხვეწა დედა.
— ერთ-ერთს რაღაცას მოგიხერხებთ, მაგრამ ორივე რომ ერთად შეგჭამოთ, ხვალინდელ დღეზე ხომ უნდა ვიფიქროო?
— შენ კი არა, გველეშაპს უნდა შევეჭმევინო, იქნება სილამაზის წყალი მომცეს, ამ ჩემმა ქალიშვილმა ჩემს გერს მიუტანოს, გაამზეთუნახაოს და უფლის¬წულმა შეირთოს. ჩქარა ქენი, ამ მთებში დაძუნძულებ, გზა და კვალი გეცოდინება, წინ გაგვიძეხი, თორემ ვინ ვის შეჭამს, ეგ მერე ვიკითხოთო!
დათვი შიშისაგან აკანკალდა. დედინაცვალი რომ გერისთვის ამას ჩაიდენს, იმას ჩემი შეჭმაც არ გაუჭირდებაო და დაღუზა თავი, მიადგა ძიგვეებს, ბურდებს, უსიერი გაარღვია და გაუძღვა. იარეს, იარეს, დღედაღამ მუხლი არ ჩაუხრიათ და სამი მთა გადაიარეს. ამის იქით დათვი არ იყო ნამყოფი, არც გზისა გაეგებოდა რაიმე და აღარც სიარულის თავი ჰქონდა, მუხლი მოეკვეთა.
რაღა ექნა დედა-შვილს, სამი დღე ისედაც გავიდა და წუთის დაკარგვა არ შეიძლებოდა. შეგიძლია, არ შეგიძლია, უნდა იარო. მაგრამ ქაცვი და ეკალი ისეა ერთმანეთში გადახლართული, ჩიტი ვერ გაძვრება. მოთქვამს დედინაცვალი, — გერი დამეჩაგრებაო. ტირის ქალიშვილი, — დაიას სიყვარულით გული გადაელევაო.
უეცრად ბრდღვინვა-ღრიალი ატყდა და ბურდებს ვეება ვეფხვი გადმოახტა. სიხარულით კბილები აუკაწკაწდა.
— კბილებს ტყუილად ილესავ, ჯობს, სილამაზის წყარომდე გზა გაგვიკვალე, გველეშაპს უნდა შევეჭმევინო, ამ ჩემმა ქალიშვილმა ჩემი გერისთვის სილამაზის წყალი უნდა წაიღოს, გაამზეთუნახაოს, რომ უფლისწულმა შეირთოსო.
— ეს რა ამბავიაო! — გადაირია ვეფხვი, — დედინაცვალი გერს ხომ ჩემსავით ცოცხლად უნდა ჭამდესო?!
— ცოცხლად შეჭმა შენი მე მკითხე, თუ ახლავე გზას არ დაადექი და კვალზე არ დაგვაყენეო!
რაღა თქმა უნდა, გაიგდო წინ. მიარღვევს ვეფხვი ამ გაუვალ-გაუკვალავ უღრანს, ერთიანად გაძვრა ბეწვი და გაიყვლიფა. მისდევს დედა-შვილი, ხელ-ფეხზე და ტანზე ადგილი არ დარჩათ, სისხლი არ ჟონავდეს. ოთხდღე-ნახევარში მიაღწიეს იმ ადგილს. ძალაგამოცლილი ვეფხვი ზედ წყაროს პირზე ჩაიკეცა, ცხვირი უნებურად შიგ წყალში წაყო... წაყო და მაშინვე ისე გალამაზდა, არასოდეს რომ ისეთი მშვენიერი არ ყოფილა, ნოხ-ფარდაგივით მოიხატა.
მაგრამ ეს გველეშაპმა დაინახა და გადაირია: ვინაა, ჩემს სამფლობელოში რომ ცხვირს ყოფსო! — და დააღო პირი, მაგრამ რა პირი! ერთს ჩაითქვამს სულს და შენს მოსურათხატებულ ვეფხვს დაემშვიდობე!
გადაუდგა ქალი წინ:
— მე მაინც შენი მსხვერპლი ვარ და ვეფხვს თავი დაანებეო.
— შენ, რაო!.. — ცეცხლი გადმოანთხია გველეშაპმა, — ამ ვეფხვის სილამაზისთვის მეჭმევინებიო?! მაგას, რა ხანია, დედები შვილისთვის აღარ აკეთებენ, შიმშილისაგან მისიკვდილებული ვარო.
— ჰო, ნამეტანი დამჭლევებულხარ და ჩემი თავი ღმერთმა შეგარგოს, მაგრამ ჯერ აგერ ჩემს ქალიშვილს სილამაზის წყალი მიეციო.
ატირდა გველეშაპი, ცრემლების შადრევანი წასკდა:
— რა დედა ყოფილხარ, მენანება შენი შეჭმა, მაგრამ მეც რომ შიმშილით სული მხდება, რ გიყოო! — კუდით თვალები ამოიწმინდა და მთვარისას შეხედა. შეხედა და ისევ ამოიწმინდა ცრემლები. ეგონა, ამას უკვე მოუსწრია პირის დაბანაო და მოაღო პირი დედის გადასაყლაპავად.
— მოიცა, შე ოჯახდაქცეულო, იმ ერთ პეშვ წყალსაც არ იძლევი, ასე უსინდისოდ მჭამო?!
— კი მაგრამ... თუ ეს გოგო ისედაც ლამაზია, ამ წყალმა მეტი რაღა უნდა უქნასო?
— შე თვალდამდგარო, ეს სილამაზის წყალი გერისთვის მინდა, ჩემს ქალიშვილს რას დავეძებო!
— ვისთვისო?!
— გერისთვისო.
— რა, მომეყურაო?!
— დაგაყრუა ჩემმა გამჩენმა! შვილს რას დავეძებ, სილამაზის წყალი გერისთვის მინდაო!
„შვილს რას დავეძებ, სილამაზის წყალი გერისთვის მინდაო?!" — ამის გაგონებაზე შეეკრა გველეშაპს კრიჭა, ხომ ვერაფრით გახსნა, რა არ იჯახირა, მაგრამ არაფერი ეშველა.
— წადით, თავი დამანებეთ! პეშვი კი არა, კოკით წაიღეთ და მომშორდით, მომეშვით, სანამ ამის გამგონეს დამბლა არ დამცემია, სისხლი არ ჩამქცევია და სილამაზის წყალი კი არა, ტბორის წუმპეც ოხრად არ დამრჩენიაო! — გამოსცრა უამრავ კბილში ღრანჭშეკრულმა გველეშაპმა.
სად იყო გაჩერების ან სიხარულის დრო. წამოიღეს სილამაზის წყალი და წამოვიდნენ.
იარეს, იარეს და იარეს... დღედაღამ უსმელ-უჭმელს და თვალმოუხუჭავს გაძლება არ გინდა? მაგრამ გაახსენდებათ, უფლისწული რომ დიდებულებით მათ ეზოს მიადგება და მზისა გამოიხედავს...
ამის გამფიქრებელ ასეთ დედინაცვალს თვალზე რულს რა წააკარებს, ან ასეთ დაიას მუხლს რა ჩაახრევინებს.
სოფელს რომ მიუახლოვდნენ, ერთმანეთს ფეხზე ძლივს აყენებდნენ.
ქოხი რმ გამოჩნდა, დაღამდა კიდეც და მზისას წივილი და კივილიც მოესმათ.
— არიქა, შვილო, დავიღუპეთ, უბედურება მოხდებაო! — შეიცხადა დედინაცვალმა და მუხლებში ისევ ქარი ჩაიყენა.
მიადგნენ ეზოს, რას ხედავენ! მეფე-დედოფლისა და მათი ამალის ბრწყინვალებას ვერც სიბნელე ფარავს. ეზოში არ ტევია მოზიმზიმე სასახლის დიდებულები. მაგრამ აგერ, შეშის საჩეხ ჯირკზე, ჯალათებს წამოუქცევიათ მზისა და ურტყამენ, მაგრამ რას ურტყამენ!..
ეზოში დედამ მთვარისა ძველ გომურში დამალა, თვითონ სახლში უკანა კარით შეძვრა, სილამაზის წყალი გერის საწოლქვეშ შედგა, გაიქცა და უფლისწულს ფეხებში ჩაუვარდა.
— რას ერჩი, ბატონო, ამ ჩემს ქალიშვილს, მისი გაჭირვება არ ეყოფა, შენ ჯოხითა და მათრახით სული არ ამოჰხადოო?
— შენც ზედ მიგაყოლებ! და მერე იმ ჯირკზე ორივეს თავებს დაგაყრევინებთო! — იღრიალა გაცოფებულმა უფლისწულმა. თეთრ ცხენს შიშით სილურჯემ გადაჰკრა.
— რას გვერჩი, ბატონო, თქვენ ხომ ჩემი გერი მოგეწონათ, ეს ჩემი, ისედაც გონჯი, რა შუაშიაო.
— ეს ამბობს, გერი ვარ და ცოლად უნდა შემირთოო. ამის შერთვა მინდა, მეფეების მზეთუნახავი ქალიშვილები არ მინდომებია?! ახლავე შენი გერი მომგვარე, თუ არ გინდა, თმით დაგკიდო და ქვევიდან ცეცხლის შენთება ვბრძანოო!
— ბატონო, აპატიეთ!.. ჩემი გერი რომ ისეთი სილამაზისაა, ამ ჩემს ქალიშვილს გული სწყდება და, გარდა ამისა, რომელ ულამაზოს დააჯერებ, რომ ულამაზოა?
ძლივს გამოგლიჯა დედინაცვალმა ჯალათებს მისავათებული გერი. მაგრამ რაკი ახუტებულს მიარბენინებდა, მორღვეულ პირზე ხელის დაფარებას ვერ უხერხებდა და მზისა გაჰკიოდა:
— შე სასიკვდილე უფლისწულო, მიყვარხარ, მიყვარხარ, შენი ცოლი უნდა გავხდეო!
შეიყვანა ქოხში და ნაცემ-ნაგვემი ტახტზე დააწვინა, რომ მზისამ ხელზე ახლა დედინაცვლის თმა დაიხვია:
— შე ოხერო და მუდრეგო, ჩემზე თქვი შურიანი, გონჯი და მახინჯიაო!
შეყო დედინაცვალმა ხელი ტახტის ქვეშ, გამოიღო სილამაზის წყალი და სახეზე გადაავლო. მოღებულ პირშიც ჩაასხა, რა თქმა უნდა.
აქაოდა, ჯადოსნური სილამაზის წყალი გადამავლეო! ეს ჯოჯოხეთის მაშხალა, რომლის დანახვაზეც სამასი წლის კუდიან მათუსალას მადა ეკარგებოდა და ძილის ეშინოდა, სიზმარში არ მომეჩვენოსო, წამოდგა ტახტიდან, მაგრამ რა წამოდგა! თითქოს ქარს ვარდისფერი, გამჭვირვალე დარაია-ატლასი აეფერადებინოს. მზეთუნახავი კი, მაგრამ მზეთუნახავის სილამაზის აღწერა ხომ მაინც შეიძლება, მზისას მშვენიერების დასახატავად ამაოდ დავშვრებით. ან იმდენი მელანი სადაა და, მით უმეტეს, ქაღალდი.
ეზოში რომ გავიდა... გავიდა ისეთი მიხრა-მოხრითა და სიმსუბუქით, თითქოს გედის ბუმბული ნიავს გაჰყოლოდეს. თავი ისე ეჭირა, ისეთი სიმორცხვე და სინაზე, თრთოლა, გზნება და კდემა ახლდა, ზღაპარშიც რომ არ თქმულა.
ამის დამნახავმა უფლისწულმა, მეფემ, დედოფალმა და დიდებულებმა ხომ მუხლი მოიყარეს და ცხენი, უფლისწულის ცხენი, მისი ჩახრილი მუხლი რომ მეჯინიბესაც არ უნახავს, ძაღლივით გაწვა და შუბლი მიწას დააბჯინა: ამას რას ხედავს ჩემი თვალებიო!..
მაგრამ უფლისწული ახლა ამაზე გადაირია:
— ის ასეთი ლამაზი არ იყო, მე რომ შემიყვარდაო. ეს მზესავით ჩახჩახებს, იგი მთვარეს უფრო ჩამოჰგავდაო...
ჩაუვარდა ისევ ფეხებში დედინაცვალი:
— ესაა ჩემი გერი, მაგრამ მაშინ ტყეში ფიჩხის საგროვებლად იყო, დაუბანელი, დაუვარცხნელი, უსმელ-უჭმელი, ფეხშიშველა, გაციებულ-გაბლიკებული...
— ჰო, თუმცა, შენც მართალი ხარ, სიდედრო... — დაიბნა უფლისწული, ახლანდელ მზისას დაიწუნებდა კი არა, თვალს ვერ უსწორებდა, მაგრამ არ სჯეროდა, ასეთ ბედნიერებას ღმერთი უფლისწულისთვისაც არ გაიმეტებდა.
გადაიხადეს ქორწილი. რას არ გადაიხდიდნენ!
ჭირი...
ლხინი იქაც,
ლხინი აქაც.
ქატო...
ფქვილი იქაც,
ფქვილი აქაც...
კატეგორია: ელ. წიგნები | ნანახია: 1085 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი