5:00 AM გავლენა ბაირონზეც მოუხდენია | |
დიეტა ბერძნულად ცხოვრების წესს ნიშნავს, თუმცა კარგა ხანია, ამ სიტყვას ასე ფართო მნიშვნელობით აღარ იყენებენ. დღეს სიტყვა დიეტაში კონკრეტულად რაციონს, კვების რეჟიმს ვგულისხმობთ. დიეტა არის ენერგეტიკულად დაბალანსებული კვება,იგი ჩამოყალიბდა. XIX ს–ის მეორე ნახევარში და შეისწავლის დიეტოლოგია ანუ მეცნიერება კვების შესახებ. თანამედროვე დიეტა გულისხმობს, ჯანმრთელი ადამიანის სწორი კვების რეჟიმს, რომელიც შეესაბამება მის აღნაგობას, ასაკს, სქესს და პროფესიას. დიეტა ასევე არის საკვების მიღების წესთა ერთობლიობაც, რომელიც ითვალისწინებს საკვების ქიმიურ შემადგენლობას, ფიზიკურ მახასიათებლებს, კულინარიული დამუშავების წესებს და მიღების დროს. თურმე დიეტას პირველყოფილი ადამიანებიც
იცავდნენ, თავისდაუნებურად, გაუაზრებლად, მაგრამ მაინც. მათი რაციონი
მრავალი თანამედროვე დიეტოლოგის ოცნებაა: უამრავი კენკრა და ძირხვენა, ცოტა
ხორცი და არავითარი შემწვარ-მოხრაკული. სპარტული დიეტა სპარსეთის მეფე სპარტული შეჭამანდის გასინჯვის შემდეგ მიმხვდარა სპარტელთა სიმამაცისა და შეუპოვრობის საიდუმლოს: "ამის ჭამას ხომ სიკვდილი სჯობიაო”… მართლა ასე იყო თუ არა, ფაქტია, სპარტელი მეომრები მთელ ანტიკურ სამყაროში ამტანობით, ძალითა და სიმამაცით იყვნენ განთქმულნი. შვიდი წლიდან ბიჭები ყაზარმებში გადაჰყავდათ, სადაც სანახევროდ შიმშილობდნენ და საზრდო თავად უნდა მოეპოვებინათ (ან მოეპარათ), ზრდასრული მეომრების მთავარი საჭმელი კი სისხლიანი შეჭამანდი იყო – მას ღორის ხორცისა და ოსპისგან ხარშავდნენ და ძმრითა და მარილით აზავებდნენ. დიდი პითაგორა თავის მიმდევრებს ცხოვრების ჯანსაღი წესის საფუძვლებს – ჭამის, სმისა და დასვენების სწორ თანაფარდობას უნერგავდა. პითაგორელები მკაცრ მცენარეულ დიეტას იცავდნენ და პარკოსნებზეც კი უარს ამბობდნენ. ლეგენდა მოგვითხრობს, როგორ ხდებოდნენ ტყის ნადირები ვეგეტარიანელები პითაგორასთან გასაუბრების შემდეგ. ვილჰელმ დამპყრობელს კი სულ სხვა საზრუნავი ჰქონია: ერთ დღეს აღმოაჩინა რომ მის უზარმაზარ სხეულს ვერც ერთი ცხენი ვეღარ ძრავდა და სასწრაფოდ შეუდგა შესაბამისი ზომების მიღებას: შეწყვიტა ჭამა და დაიწყო სმა… რა თქმა უნდა, ღვინისა. ამბობენ, რომ თავის დიეტას შეეწირა კიდეც – ცხენმა კი დაძრა, მაგრამ თავად ვეღარ შეიმაგრა თავი, ჩამოვარდა და სული განუტევა. მოლიერის ეპოქა მოლიერის ეპოქაში, თუ მისი პიესების მიხედვით ვიმსჯელებთ, ორად ორი წამალი სცოდნიათ: ოყნა და სისხლის გამოშვება, თუმცა მაშინდელი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შემწვარ-მოხრაკულისგან გაჩენილი კუჭის წყლული უწამლოდ, რძე-მცენარეული დიეტითაც მშვენივრად მოურჩინეს. უცხიმო ყველი, მჟავე რძე, ხილ-ბოსტნეული და სუფთა ჰაერზე სეირნობა – ამ დანიშნულების წყალობით დრამატურგი მარტო წყლულისგან კი არა, ტუბერკულოზისგანაც განკურნებულა, სართად კი ჯანსაღი სახის ფერი და მშვენიერი ფიგურაც მიუღია. იდუმალი ლორდ ბაირონი ვერ ვიტყვით, რომ დიეტამ იდუმალ ლორდ ბაირონზეც ეგზომ კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა. არისტოკრატულ ტრინიტი-კოლეჯში სწავლისას დონდლო და მსუქანა ყოფილა, მაგრამ, მიუხედავად კოჭლობისა, ფარიკაობისა და კრივის შესწავლა დაიწყო, ცურავდა, ჯირითობდა, შვიდ ჟილეტსა და პალტოში ჩატენილი კრიკეტსაც თამაშობდა, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა, არც ხორცს ეკარებოდა და არც ლუდს. ერთი წლის შემდეგ უკვე ნეკნებს დაუთვლიდით, სახე კი პირდაპირ უბრწყინავდა და იდუმალი სიფითრით იზიდავდა ქალებს. მარკიზა დე პომპადურის საიდუმლო იარაღი საზღვარგარეთ დღეს ძალიან პოპულარულია დიეტა ნიახურის სუპით. ეს კერძი ცნობილი კურტიზანის მარკიზა დე პომპადურის საიდუმლო იარაღი ყოფილა. სპეციალურ აღმგზნებ წვნიანს ქალბატონი თურმე ტრიუფელების, ნიახურის, წიწაკისა და ნივრისგან ამზადებდა. მისი მეშვეობით მხოლოდ ფიგურას კი არ ინარჩუნებდა, უავგუსტოეს საყვარელს ლუდოვიკო XV-საც უღვიძებდა ვნებას და პაემანზე სათანადო ფორმაში ყოფნასაც ახერხებდა – თურმე ყოვლისშემძლე ფავორიტს სინამდვილეში სუსტი ჯანმრთელობა და, თავისივე აღიარებით, "ქათმის” ტემპერამენტი ჰქონია. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1148 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |