• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » "დედამ ბევრი იბრძოლა, რომ ქმარს არ გავშორებოდი"
3:12 AM
"დედამ ბევრი იბრძოლა, რომ ქმარს არ გავშორებოდი"

მაია ასათიანს ზურგს ორი ადამიანი უმაგრებს – დედა ნინო ზაალიშვილი და 12 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებთანაც მაია მაქსიმალურად ბუნებრივია, არ უმალავს ცრემლებს, ემოციებს. 33 წლის ტელეწამყვანი აღიარებს, რომ ყოველ საღამოს დედასთან ლაპარაკი და მისგან რჩევების მიღება სჭირდება. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 19 წელია. იმასაც აღიარებს, რომ ოჯახის ტრადიციებმა ის გარკვეულწილად დააკომპლექსა, მაგრამ ეს არ აღიზიანებს.

თავად მაია ნუცას ტოლი იყო, როდესაც დედამისმა მეორე ოჯახი შექმნა. დედის ეს გადაწყვეტილება მაიამ რთულად მიიღო, მაგრამ დღეს ბედნიერია, რომ ჰყავს ორი და, რომლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი აქვს. თუ როგორ ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდით სამი თაობის ქალები, ამას "სარკეში" შეიტყობთ.

ნინო ზაალიშვილი:

– ჩემსა და მაიას შორის 19 წელია სხვაობა, ამიტომაც ერთმანეთთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა.

მაია: არა, ის დედაა და ყოველთვის დარწმუნებულია, რომ მისი სიტყვა ჩემთვის მთავარი უნდა იყოს. დღემდე მაქვს ის განცდა, რომ თუ ცხოვრებაში გამიჭირდება და ჩემი სახლის კარზე დავაკაკუნებ, დედაჩემი ყოველთვის მზად იქნება, კარი გამიღოს და საჭირო დარიგებაც მომცეს. როცა რაღაც მიჭირს, ყოველთვის ვამბობ, დედა მინდა–მეთქი. 33 წლის ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მისი იმედი მაქვს. დედას მხოლოდ ერთადერთხელ არ დავუჯერე. როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ ერთად ცხოვრება არ გამოგვდიოდა და უნდა დავშორებოდით, დედამ დიდი ნოტაცია წამიკითხა, მარწმუნებდა, ეს არ გამეკეთებინა. ძალიან დიდხანს იბრძოლა, რომ ჩემი ოჯახი არ დანგრეულიყო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა არ დავუჯერე და ვთვლი, რომ მართალი ვიყავი.

– ანუ არ ნანობთ ოჯახის დანგრევას?

მაია: არა, რადგან მე და ჩემი ყოფილი მეუღლე დღეს საუკეთესო მეგობრები ვართ და ჯობდა, ყველაფერი ასე მომხდარიყო.

ნინო: მაშინ ვთვლიდი, რომ ამ წყვილის საოჯახო რესურსი ჯერ არ იყო ამოწურული, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ სწორად მოიქცნენ. ამით კარგი ურთიერთობება შეინარჩუნეს.

მაია: ჩემს ყოფილს მეუღლეს ირაკლის ცხოვრებაში ბოლომდე ვენდობი. ვიცი, რომ მას ჩემთვის ცუდი არ უნდა. ჩემი წარმატება და ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი გულწრფელად უხარია. ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ცხოვრებაში ყველას არ უნდა ენდო. ჩემ გარშემო სულ რამდენიმე ადამიანია, ვისაც თვალდახუჭული ვენდობი, პირველი დედაჩემია, მერე ჩემი შვილი და შემდეგ ჩემი ყოფილი მეუღლე. ხანდახან ვხუმრობ, რომ ჩემი ყოფილი ქმრის სახით ბავშვობის მეგობარი მყავს, რადგან მართლაც ერთად გავიზარდეთ.

– ქალბატონო ნინო, მაია რა ღირებულებებზე აღზარდეთ?

ნინო: მიუხედავად იმისა, რომ მაია ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა, ის ლიბერალურ ღირებულებებზეც იზრდებოდა.

მაია: ცხოვრებაში ყოველთვის გიწევს ბეწვის ხიდზე გავლა, როდესაც ერთი ნაბიჯი გაშორებს უღირს საქციელს. ბავშვობიდან მახსოვს, როდესაც რაღაცაზე გავჭინჭყლდებოდი, დედა ყოველთვის მეუბნებოდა, მაია, ჩვენს ოჯახში გაზრდილს ეს არ გეკადრებაო. ეს გარკვეულწილად დამღაც იყო, რამაც დამაკომპლექსა. ჩემი დიდი პაპა ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, ერთ–ერთი შეფიცული იყო. ის 1979 წელს გარდაიცვალა, მაშინ ორი წლის ვიყავი. ეს ისტორია არასოდეს მომიყოლია. პაპას ყველაფერი ჰქონდა გამოვლილი – 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობდა, მეტეხის ციხეში იჯდა, შემდეგ გააციმბირეს. ჩვენს სახლში საქართველოს ძველისძველი დროშის ასლი ინახებოდა. დამოუკიდებელი საქართველოსათვის ბრძოლაში ბევრი ჯილდო ჰქონდა მიღებული. სიკვდილის წინ დაიბარა, სუდარის ქვეშ საქართველოს დროშა და ყველა ჯილდო ჩამატანეთ, დამმარხეთ ისე, როგორც დამოუკიდებელ საქართველოში დამმარხავდნენო. კომუნისტურ წლებში ეს მაინც მოვახერხეთ და სურვილი ავუსრულეთ. დედაჩემი ყოველთვის მახსენებდა, გახსოვდეს, ვინ არიან შენი წინაპრებიო. ბევრ მომენტში მოვქცეულვარ ისე, როგორც ჩემს წინაპრებს ეკადრებოდა.

ნინო: პაპაჩემი ვასილ ზაალიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეფიცული იყო. როცა საქართველოს საგანძური საზღვარგარეთ გაჰქონდათ, მაშინაც იქ იყო. თბილისს უკვე გაცდენილები იყვნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ერთი ყუთი, სადაც ძვირფასი ჯვრები ელაგა, თბილისში დარჩა. პაპა და მისი ამხანაგი მობრუნდნენ, ის ერთი ყუთი მოძებნეს, მანქანას გაატანეს, თვითონ კი აქედან გაღწევა ვეღარ შეძლეს. ამას მოჰყვა გაწამებული ცხოვრება.

– გარკვეულ ასაკში დედის მიმართ პროტესტი ჩნდება, ეს თუ ყოფილა თქვენს ურთიერთობაში?

ნინო: კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ მაიას გარდატეხის ასაკში ბუნებრივად გაუჩნდებოდა პროტესტი ჩემ მიმართ. მაიასთვის ახლა ყველაფერი გასაგებია, რადგან მისი შვილი ზუსტად იმ ასაკშია, როდესაც სხვა პრობლემები იჩენს ხოლმე თავს. დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, ახლა თუ მაიას არ ესმის შენი, არ ინერვიულო, დედა რომ გახდება, მაშინ გაგიგებსო.

– მაია, საკუთარ შვილთან ურთიერთობაში ცდილობთ, ისეთივე დედა იყოთ, როგორც დედათქვენი?

მაია: არა, ვცდილობ, განსხვავებული ვიყო, რადგან დედაჩემი მკაცრი იყო. მე გაცილებით ლიბერალი ვარ. ნუცას ვაძლევ არჩევანის უფლებას, თუმცა ყოველთვის მივუთითებ, რომელი გზაა სწორი. მას ბოლო დროს აღიზიანებს, რომ მაია ასათიანის შვილია.

ნუცა: ეს იმიტომ, რომ ყველას ჰგონია, დედაჩემი ჩემთვის ისეთივეა, როგორც ეკრანზე ჩანს. ყველა ფიქრობს, რომ მეც ისევე მემშვიდობება, როგორც მაყურებელს.

მაია: ხანდახან დამცინის კიდეც. ნუცა უფრო პრაგმატულია, მე – რომანტიკული. მას არ სჯერა თოვლის ბაბუის, მის ასაკში მე მჯეროდა. როცა სენტიმენტალურ ფილმს ვუყურებ, მე თვალებზე ცრემლი მადგება, ნუცა კი ამ დროს სიცილით კვდება.

ნუცა: დედაჩემი ძალიან რომანტიკული და მეოცნებე ქალია. არასოდეს მზღუდავს, ისე ვიაზროვნო, როგორც მინდა.

– როდის იჩენს სიმკაცრეს?

ნუცა: მკაცრი არასოდეს არის. რაღაცეებს მიხსნის, პირდაპირ ჩხუბზე არ გადადის. მთხოვს, რომ კარგად ვისწავლო.

– მაია, კარგად გესმით ნუცას თაობის?

მაია: ნუცა 12 წლისაა და მას უკვე შეუძლია ერთმანეთისგან თეთრი და შავი გაარჩიოს. უბრალოდ, მე უნდა ვუთხრა, რა არის თეთრი და რა – შავი. გამოკვეთილად ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თაობა გაცილებით წიგნიერი იყო, თუმცა დედაჩემიც ამტკიცებს, რომ მისი თაობა ჩვენთან შედარებით გაცილებით წიგნიერი იყო.

– ქალბატონო ნინო, როდესაც მეორედ შექმენით ოჯახი, რამდენად ცდილობდით, მაიას ეს ყველაფერი სწორად აღექვა და უმტკივნეულოდ მიეღო?

ნინო: ეს არ იყო ადვილი და არც უმტკივნეულოდ ჩაუვლია ყველაფერს. როცა ოჯახი მეორედ შევქმენი, მაია 11 წლის იყო. ერთი წლის შემდეგ მეყოლა შვილი, ნანა. ეს ყველაზე მეტად დაგვეხმარა იმაში, რომ მაიას ყველაფერი ჯანსაღად მიეღო.

მაია: ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც სკოლიდან მოვედი და დედამ ეს ამბავი მითხრა. ჩემთვის რთული იყო იმის გააზრება, რომ დედას ოჯახი უნდა შეექმნა. შემეშინდა, რომ მას ვიღაც წამართმევდა. ბემბივით ვიყავი, რომელსაც არ უნდა, დედა ირემი ვიღაცამ წაიყვანოს. საბედნიეროდ, უფლის მადლობელი ვარ, რომ ამ ორი ადამიანის გარდა მყავს ორი უსაყვარლესი და. როცა ყველანი ერთად ვართ, ვამბობთ, რომ ჩვენ ვერავინ მოგვერევა. როცა მეკითხებიან, ყველაზე ბედნიერი როდის იყავიო, ვამბობ, რომ ორჯერ ვიყავი, ერთხელ, როცა თვალი გავახილე და პირველად დავინახე ჩემი შვილი და მეორედ მაშინ, როდესაც მითხრეს, ამქვეყნად მარტო აღარ ხარ და უკვე და გყავსო. ახლა ნანა 21 წლისაა და ჩიკაგოში სწავლობს. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.

ნინო: თუ ნანა და მაია მეგობრები არიან, ჩემი მეორე შვილი ვერიკო და ჩემი შვილიშვილი ნუცა ერთმანეთის განუყოფელი ნაწილები არიან. ვერიკო ნუცაზე 6 წლით უფროსია და ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ.

– როგორია თქვენი დიდი ოჯახური შეკრების რიტუალი?

ნინო: როდესაც სახლში ყველა ვიკრიბებით და ხმამაღლა ლაპარაკს და ქოთქოთს დავიწყებთ, ჩემი მეუღლე დაჩაგრულივით არის, რადგან ის ძალიან მშვიდი, წყნარი ადამიანია.

მაია: ჩემი შვილისთვის კარგი ბაბუაა. ძალიან კარგი, ნამდვილი ქართველი, ინტელიგენტი ადამიანია. ჩვენი ერთად შეკრების მთავარი ღერძი ყოველთვის დედაა. მასთან მისვლის მიზეზი არ მჭირდება, ყოველ საღამოს მივდივარ. ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ და თითქმის არ მახსოვს შემთხვევა, რომ სახლში მისვლამდე მასთან არ გავიარო. შემიძლია ჩამოვუჯდე, ვეწუწუნო, მოვუყვე დღის ამბები. პირველად ვაღიარებ ჩემს დანაშაულს და გამოვტყდები, რომ შვილები ძალიან ცუდად ვექცევით. როდესაც დედას თავისი პრობლემა აქვს მოსაყოლი, ჩვენ უკვე აღარ ვუსმენთ და გავრბივართ. ჩვენ დავიცლებით ჩვენი პრობლემებისგან, მისი მოსმენა კი აღარ გვინდა.

– ბუნებრივია, ალბათ თქვენში ყველაზე კარგი დიასახლისი მაინც დედაა.

ნინო: მაიასაც ძალიან გემრიელი ნამცხვრების გაკეთება შეუძლია. მისი კულინარული მწვერვალი ვაშლის ღვეზელია, ყოველი დღესასწაულის წინ პირობას ვართმევთ, რომ ვაშლის ღვეზელს გამოაცხობს.

მაია: შეიძლება ჩემგან კარგი კულინარიც დამდგარიყო, რომ არა ტელევიზია, რომელიც ჩემი ცხოვრება გახდა. ამიტომაც დავრჩი ვაშლის ღვეზელის დონეზე. სხვათა შორის, თავის დროზე დედამ მითხრა, რაც არ უნდა დაკავებული იყო, საკუთარ შვილს საჭმელი შენ თვითონ უნდა მოუმზადოო და მეც ვცდილობ, ეს წესი დავიცვა.

– 2010 წელი საერთო ჯამში როგორი იყო თითოეული თქვენგანისათვის?

მაია: იცით, 2010 რატომ იყო კარგი? ბევრი ცუდი არ მოუტანია და იმიტომ. ჩვენ ვახერხებდით ერთმანეთის გაძლიერებას. არ არის ადვილი, ცნობილი ადამიანის ზურგი იყო. ჩემი ზურგი კი სწორედ ეს ორი ადამიანია. ესენი მხედავენ განერვიულებულს, აცრემლებულს და შეშინებულს.

ნინო: 2009 წელს გარდაიცვალა მამაჩემი, მაიას გამზრდელი პაპა. ეს ტკივილი შვილებმა და ნუცამ გადამატანინეს.

მაია: პაპამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უმამობა არ მეგრძნო.

– როგორია თქვენი ოჯახის საახალწლო ტრადიცია?

ნინო: მაია ძალიან რომანტიკული ბავშვი იყო და ყოველთვის ნაძვის ხის ქვეშ ვახვედრებდი საჩუქარს. მას ძალიან დიდხანს სჯეროდა, რომ მისთვის საჩუქარი თოვლის პაპას მოჰქონდა. დღემდე ნაძვის ხის ქვეშ საჩუქარი უნდა დავახვედრო.

მაია: ყველაზე დიდი იმედგაცრუება ცხოვრებაში იმ ახალ წელს მქონდა, როდესაც მივხვდი, რომ საჩუქრები დედაჩემს მოჰქონდა და არა თოვლის პაპას. 12 წლის ვიყავი, ეს რომ გავაცნობიერე. მახსოვს, დამსხვრეული ოცნებების გამო ვიტირე კიდეც. სამაგიეროდ, ნუცას კარგა ხანია თოვლის ბაბუის არ სჯერა.

– წელს როგორ აპირებთ ახალი წლის შეხვედრას?

მაია: მე და ნუცა ეგვიპტეში მივდივართ და იქ შევხვდებით ახალ წელს. საერთოდ, ზაფხულის და ზღვის ადამიანი ვარ და ძალიან მიხარია, რომ შუა ზამთარში ცხელ სანაპიროზე აღმოვჩნდები. ძალიან მინდა, ჩემს შვილს ვაჩვენო ადგილი, სადაც "სდუმან პირამიდები".

– ამბობენ, სიცხეში ახალი წლის შეგრძნება იკარგებაო.

მაია: მთავარია, გჯეროდეს, რომ ახალი წლის ჯადოსნური ღამე არსებობს. მე სათამაშოებით მორთული ჩემი ნაძვის ხე მთელი წელი გულით დამაქვს.

– მაია, რა თვისებით გინდათ, რომ დედას ჰგავდეთ?

მაია: ის ჩემზე ძლიერია. პროფესიით კონფლიქტოლოგია, ძალიან კარგად იცის ავის და კარგის გარჩევა. მე უფრო მიმნდობი ვარ და უაზროდ მჯერა, რომ ამქვეყნად კეთილი ადამიანები არსებობენ. მინდა, რომ დედასავით ძლიერი ვიყო. როცა ვეუბნები, დედა, მჭირდები, შეუძლია, ყველაფერი დაყაროს და ჩემთან გამოიქცეს, ამ სიტყვას კი ყოველ საღამო ვამბობ. მინდა, რომ ამ თვისებებით ვგავდე.

– ნუცა, შენ რითი გინდა, რომ დედას ჰგავდე?

ნუცა: მე და მაია ერთმანეთს ლაპარაკით ვგავართ და ორივე ცოტა ჯიუტები ვართ. მინდა, დედასავით გამჭრიახი გონება მქონდეს.

– რამდენად რთულია მაიას პოპულარობის ატანა, თქვენ გიწევთ საზოგადოებაში ტრიალი და ხშირად შეიძლება მაიას მისამართით არცთუ სახარბიელო გამონათქვამებიც მოისმინოთ.

ნუცა: საერთოდ არ მიყვარს იმის აფიშირება, რომ მე მაიას შვილი ვარ. ჩემი აზრით, ადამიანმა თავისით უნდა მიაღწიოს ყველაფერს და არა ნათესაობით მოიწონოს თავი. ადამიანები თუ ცუდს ამბობენ, ვერაფერს იზამ. რატომ უნდა დავუწყო ვიღაცას იმის მტკიცება, რატომ არ მოგწონს დედაჩემი ან მისი გადაცემა–მეთქი?

ნინო: როცა იგებენ, რომ მყავს შვილი, სახელად მაია ასათიანი, პირველ რიგში, მოდის აღტაცება, შემდეგ იმის ახსნა, როგორ მოსწონთ მაია, რა კარგ საქმეს აკეთებს და ა.შ. სამაგიეროდ, ინტერნეტში ხშირად ვკითხულობ იმათ ფრაზებს, რომლებიც მაიას კარგ ადამიანად სულაც არ ახასიათებენ. თავიდან ამ ყველაფრის გამო შიში მიპყრობდა, შემდეგ მივხვდი, რომ ეს პოპულარობის თანმდევი პროცესია. ბოლოს იმასაც მივხვდი, რომ ჩემგან სხვა რეაქცია იყო საჭირო, მაიას კლდესავით უნდა დავდგომოდი. მინდა მივმართო იმათ, რომლებიც მის მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ, ჩვენ კი გვტკივა, ამ ტკივილსაც მივეჩვიეთ, მაგრამ მათ რა?!

– მაია ეკრანზე ყოველთვის მოგწონთ?

ნუცა: კი, ძირითადად მომწონს. როცა რაღაც არ მომწონს, ვეუბნები. ეკრანზეც და ცხოვრებაშიც ერთნაირად რომანტიკულია და ამის გამო ხანდახან შენიშვნებსაც ვაძლევ.

ნინო: ჩემი მუდმივი შენიშვნა ისაა, რომ "პროფილშიც" ისეთია, როგორც ცხოვრებაში. მინდა, რომ ეკრანზე ცოტა სხვანაირი იყოს.

– მაია, კმაყოფილი ხართ "პროფილის" შედეგებით ამ წლის განმავლობაში?

მაია: კი, რადგან ამ გადაცემის ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ "პროფილს" ისინიც უყურებენ, ვისაც სძულთ. "პროფილში" გაჟღერებული ნებისმიერი სიმღერა ჰიტი ხდება, ამ გადაცემაში მოსული უცნობი ადამიანი ნაცნობი ხდება და ამით მე ძალიან ვამაყობ. წელს ყველაზე წარმატებული წელი გვქონდა.

– მაია, თქვენთვის ეს ორი საყვარელი ადამიანი თუ გირჩევენ, რომ დროა, თქვენი პირადი ცხოვრება მოაწესრიგოთ და მეორე ნახევარი იპოვოთ?

მაია: ნუცა ნაკლებად, ალბათ იმიტომ, რომ მან არ იცის, რას ნიშნავს ქალისთვის მარტოობა. დედამ ეს კარგად იცის და ამიტომ მასთან ხშირად ვლაპარაკობ სიბერეში წყლის მომწოდებლის თემაზე. ამ გაგებით მე არათანამედროვე ქალი ვარ, ვზივარ და ბედს ველოდები, როგორც მე–19 საუკუნეში ჩემი დიდი ბებიები.

– ქალბატონო ნინო, ალბათ თქვენ ყველაზე უკეთ იცით, მაიას გვერდით როგორი მამაკაცი უნდა იყოს.

ნინო: როგორი ადამიანი სჭირდება, ეს არც ერთმა არ ვიცით. როცა ასეთი გამოჩნდება, თვითონ იგრძნობს. ერთი კი ფაქტია, რომ აუცილებლად მაიაზე ძლიერი უნდა იყოს, უნდა უყვარდეს მაია და მისი საქმე – ტელევიზია.

მაია: როგორც ბებიაჩემი ამბობდა, ქალი უნდა იყო კდემამოსილი და ამ რჩევას ვითვალისწინებ. პირად ურთიერთობებში მორცხვი ვარ, შემტევი თვისებები არ გამაჩნია. ვთვლი, რომ ეს ჩემი მხრიდან სწორი საქციელია. არ მიყვარს, როდესაც ამ მხრივ ქალი ზედმეტად აქტიურია. ჩემს ცხოვრებაში ახალი სიყვარული თავისით უნდა მოვიდეს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1211 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი