ალავერდში დამარხული უძველესი ისტორია
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში 2009 წლის მიწურულს არქეოლოგებმა განსაკუთრებულ სამარხს მიაკვლიეს. მართალია, ტაძრის ჩრდილოეთ კედელში მწვანე ქვის ზოლით გამოყოფილი საფლავი ჯერჯერობით ვერ გახსნეს, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი დიდებულს ან წმინდანს ეკუთვნის. არქეოლოგების აზრით, განსასვენებელი 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, წმინდა იოსებ ალავერდელის ნეშტის უკანასკნელი სამყოფელია. ამის მანიშნებლად მიიჩნევენ საფლავის თავზე აღმოჩენილ წმინდა გიორგის ფრესკასაც. რესტავრატორ დავით გაგოშიძის თქმით, ფრესკა ძალიან ძველი და დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ კონტურებისა და ირგვლივ შემოვლებული წითელი, სქელი წნული ორნამენტის სახით. რესტავრირების დროს ისიც დადგინდა, რომ ფრესკა ადრეც აღუდგენიათ.